ბლოგი

10:54 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

“იცურე მშვიდად“

ზაფხული ის პერიოდია, როდესაც სპორტული აქტივობებიდან ყველაზე პოპულარული და სასიამოვნო ცურვაა. ბავშვობიდან ყველა გავიხსენებთ ამბებსა და მოგონებებს, როდესაც მშობლების გავპარვივართ და ზღვაზე, მდინარეებზე, ტბებსა თუ წყალსაცავებზე მშობლების დაუკითხავად გემრიელად გვიბანავია, ეს მაშინ, როდესაც ვიცოდით, რომ წლების მანძილზე გაუფრთხილოებლობითა და სათანადო დაცვითი პირობების არქონის გამო, აღნიშნულ ადგილებში არაერთი ადამიანი დამხვრჩვალა.

ეს ადგილები დღესაც დაუცველია და ზაფხულის პერიოდში ლამის ყოველდღიურად გვესმის მოზარდებისა თუ ზრდასრული ადამიანების წყალში დახრჩობის შემთხვევები. სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარების კუთხით სამწუხაროდ ბევრს არაფერს აკეთებს და სტატისტიკა ყოველწლიურად უფროდაუფრო შემზარავი ხდება. მაგალითად: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო. ეს მხოლოდ და მხოლოდ 2 თვიან მონაკვეთში!

პრობლემას წარმოადგენს წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს ტერიტორიები არა აქვთ დაცული კაპიტალური ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული.

სწორედ ამიტომ, ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) და პროგრესის ცენტრის ინიციატივით, დაიწყო კამპანია “იცურე მშვიდად“. კამპანია აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანია “იცურე მშვიდად“ წამოწყებისთანავე მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. კამპანიაში უკვე ჩაერთვნენ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე სკოლები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან და სასწავლო წლის დაწყებისთანავე ჩართული სკოლებისა და შესაბამისად მოწავლეების რიცხვი სავარაუდოდ მკვეთრად გაიზრდება.

“იცურე მშვიდად“ – ეს ლოზუნგი მალე ყველა ქალაქსა და სოფელს მოედება. მისი საჭიროება კი, ბოლო პერიოდში საქართველოს მდინარეებში, ტბებში თუ ზღვებში დამხრჩვალი ადამიანების რაოდენობამ გამოიწვია. კამპანიას უერთდება WORLDSPORT.GE-ც. აუცილებელია წელიწადის ნებისმიერ დროს ცურვა და სხვა სპორტული აქტივობები ადამიანებისათვის უსაფრთხო გახდეს და ბავშვის წყალში შესვლა ტრაგედიას არ უნდა ნიშნავდეს! ვიცუროთ მშვიდად!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114657