ჭიდაობა

15:35 | 18.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ღირსება და ჯამბულატ თედეევი

დავიწყოთ ბოდიშით. ბოდიში ჩვენს მკითხველებთან, რომ სპორტის ქომაგთა ყურადღების მოპყრობას ისეთ არაფრისმომცემ, არაფრისმთქმელ და ზოგადად არაფერზე ვაპირებთ, როგორიც ერთ დროს მოჭიდავე, ახლა კი რუსული პოლიტიკის ჭანჭიკი ჯამბულატ თედეევია. თუ ვინმეს ჯამბულატი დიდ სპორტსმენად ანდა მისდა ვაგლახად კარგ ადამიანად მიაჩნია, ეს მისი პრობლემაა, რადგან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩვენი ქვეყნის საზიანოდ თუკი რაიმე დაგეგმილა და მომხდარა, ჯამბულატ თედეევი ყველა იმ უგვანობის ნაწილი იყო და დღესაც ასეა.

რთული სათქმელია, რატომ გადაწყვიტეს ჩვენმა მოჭიდავეებმა ჯამბულატ თედეევის პოლიტიკურ საძაგლობაში ჩართვა და რატომ მოირგეს რუსეთის დროშის ფერებში გაწყობილი თედეევის მჟავესიფათიანი მაისური, მაგრამ ის უფრო რთული გასაგებია, რატომ გაუჩნდა ზოგიერთ ადამიანს ამ ჩვენი მოჭიდავეების დაცვის სურვილი მაშინ, როდესაც ეს ამბავი სპორტის ფარგლებს ბევრად გასცილდა.

საქართველოში კრიტიკა ბევრს რომ არ უყვარს და მოკრიტიკეებს ხშირად მტრებად თვლიან, ცნობილი ამბავია, მაგრამ არის საკითხები, როდესაც ადამიანმა კრიტიკა უბრალოდ უნდა მოითმინოს, თავი მორჩილად დახაროს და თუ საჭიროა, ბოლოს ბოდიშიც მოიხადოს. ცნობილ სეპარატისტთან, კოკოითის დამქაშთან, პუტინის და მედვედევის დიდ მეგობართან, ქართული სახელმწიფოს მტერთან ერთად პოზიორობა და მისი სიფათიანი მაისურის მორგება დიდი სირცხვილია და ამ სირცხვილის ჩამორეცხვა პირველყოვლისა თავად ჩვენს მოჭიდავეებს უნდა ჭირდებოდეთ და უნდოდეთ.

რაც შეეხება ჩვენი მოჭიდავეების “დიდ დამცველებს“ ანუ იმ ხალხს, რომლებიც გაიძახიან, რომ სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულია, მოჭიდავეები ტიტულმრავალი ხალხია, პატივისცემას იმსახურებენ და თედეევთან ყელყელაობის გამო მათი კრიტიკა არასწორია: ჯერ ერთი, ჩვენგან მოჭიდავეებს დაცვა ნამდვილად არ ჭირდებათ, რადგან არც მათი მიღწევების დაფასება გვესწავლება, არც მათი ქომაგობის დროს ნერვების გლეჯვით და არც ამ ბიჭების ალალი სიყვარულით ჩამოუვარდებით ვინმეს. ეს მოჭიდავეები ჩვენები რომ არიან, ჩვენს ქვეყანას რომ წარმოადგენენ, რომ გვიყვარნან და გვემშობლიურებიან, იმიტომაც გვტკივა გული მათ ყველა შეცდომაზე თუ ცუდ საქციელზე, თორემ დიდად არავის გვანაღვლებს რას იზამს კონგოელი ან სურინამელი სპორტსმენი.

არავინ ვდავობთ იმაზე, რომ ჩვენი გულისტკენა და პროტესტი არ უნდა გამოვხატოთ უხამსად, შეურაცხმყოფლად და არც მოჭიდავეების წყევლა-კრულვაა ნაღდი ქომაგის საქმე. მაგრამ მარტივად როგორ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის მოძულე სეპარატისტთან ქართველი მოჭიდავეების ჩახუტება? ჩვენს თანამემამულეებთან განა მართლები ვიქნებით ხმისამოუღებლად რომ მივიღოთ თედეევისსახიანი მაისური და თავზე ნაცარი წავიყაროთ მაშინ, როდესაც აშკარად ამორალურ საქციელთან გვაქვს საქმე?..

საერთოდ არაა საინტერესო როგორი მოჭიდავე იყო ჯამბულატ თედეევი, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრისთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა პირადად როგორი ურთიერთობები აქვთ ამ ადამიანთან კონკრეტულ სპორტსმენებს თუ მწვრთნელებს. ძალიან ცუდ ხალხთან ქართველების თბილი პირადი ურთიერთობები და რესტორნებში მათთან ყანწის ტრიალი აღარ გვიკვირს, მაგრამ როდესაც ჩვენს საყვარელ სპორსტმენებს რუსეთის დროშის ფერებით და თედეევის მზერით “დამშვენებული“ მაისურები აცვიათ, ძალიან უდარდელი და ფეხებზემკიდია კაცი უნდა იყო, გული რომ არ გეტკინოს.

მართლა ვერ ვხვდები რას ფიქრობდნენ, როდესაც ამ მაისურებს ირგებდნენ. არ მესმის, ასე მარტივად როგორ უყურებენ ამ ამბავს. ბოლოსდაბოლოს ათასვაებაგამოვლილი ჩვენი ქვეყანა და ხალხი ცოტა, სულ ცოტა პატივისცემას ხომ მაინც იმსახურებს?!..

P.S. რაც აქ წერია ხელს ვაწერ როგორც ამ საიტის მთავარი რედაქტორი (დავით ბაკურაძე) და ვისურვებდი, მსგავს თემებზე წერის საბაბი არც ჩვენ და არც სხვა გამოცემას აღარ მიცემოდეს, მაგრამ თუკი მაინც მოგვეცემა, ჩვენი საქმეც ესაა! ზოგადად კი, თხოვნაცაა და მოთხოვნაც ყველა სპორტსმენის და არა მარტო მოჭიდავეთა მიმართ: ნუ მიცემთ თქვენი დაუფიქრებელი (შეგნებულზე არც კი მინდა ვიფიქრო) ნაბიჯებით სალაპარაკოს ისეთ ქართველებს, როგორიც მაგალითად, ერთერთ აქ მოცემულ ფოტოზეა (იხილეთ გივი მდივნიშვილის სტატუსი), სეპარატისტებსა და რუს მაღალჩინოსან მტრებზე აღარ ვსაუბრობ...

0.155868