ფეხბურთი

14:06 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "დავამტკიცებ, რომ ისევ დიდი მეკარე ვარ"

ფრანგულმა “პარი სენ ჟერმენმა” ჯანლუიჯი ბუფონი წარადგინა. 40 წლის იტალიელმა მეკარემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რატომაც დარჩა ფეხბურთში, გადავიდა პსჟ-ში და დატოვა “იუვენტუსი” 17 წლის შემდეგ:

“მინდა მადლობა გადავუხადო “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას. პრეზიდენტმა შემოთავაზა 1-2 წელი კიდევ დარჩენა, მაგრამ ზედიზედ 7-წლიანი გამარჯვების შემდეგ არ მსურდა გუნდისთვის პრობლემა გავმხდარიყავი. ამიტომაც, მართებული იქნებოდა კარიერის დასრულება, თუმცა შემდეგ პსჟ-ს წინადადება მივიღე.

მინდა, ისევ დავამტკიცო, რომ დიდი მეკარე ვარ. “პარმაში”, “იუვენტუსში”, იტალიის ნაკრებში ყოველთვის ძირითადი მეკარე ვიყავი, მაგრამ გარანტირებული არასდროს არაფერი მქონია. ყოველთვის, ვარჯიშებზე შრომით მიწევდა იმის დამტკიცება, რომ თამაშს ვიმსახურებდი.

პსჟ-ს წინადადება შემთხვევით მივიღე მაისის დასაწყისში. მანამდე, ვფიქრობდი, რომ კარიერას დავასრულებდი და შვებულებას ბავშვებთან ერთად გავატარებდი. მერე იყო ზარი. რამდენიმე დე ვიფიქრე და მივხვდი, რომ თამაშის სურვილი ისევ მქონდა და დავთანხმდი. პსჟ-სთვის უარის თქმა 40 წლის ასაკშიც არ შემეძლო.

პსჟ – “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში? ჩემთვის სამწუხარო იქნება თუ გავიმარჯვებ, მაგრამ ამავდროულად იგივე გრძნობა დამეუფლება წაგების შემთხვევაში. უფრო კარგი იქნება თუ ჩვენი შეხვედრა მანამდე შედგება, მაგრამ ფინალში ეს ძალიან რთული იქნება”, - განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა “პარი სენ ჟერმენთან” 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121297