ბლოგი

12:49 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სუმოს ქართული შტრიხები

რომ არა ჩვენი საამაყო ფალავნის, უკვე დიდი ოძეკის, ლევან გორგაძის, - ტოჩინოშინის წარმატება, საქართველოში სუმოს ასეთი პოპულარიზაცია ალბათ კიდევ დიდი ხნის მანძილზე შეუძლებელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სუმოისტები იაპონურმა სპორტულმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გაიცნო, ფაქტია, რომ ასეთი დიდი მიღწევები რაც ლევანს ქონდა, სხვა ქართველ სუმოისტებს ოცნებად დარჩათ და სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ უკანასკნელ პერიოდში ბევრმა მშობელმა გადაწყვიტა თავისი შვილი სუმოთი დაეინტერესებინა.

საქართველოში ყველგან და ყოველთვის მშობლებისათვის პრობლემური იყო ზედმეტი წონის მქონე ბავშვების სპორტით დაინტერესება. ზედმეტი წონის მქონე ბავშვის ნაკლები მოქნილობა, სისწრაფე, ერთი შეხედვით შეუსაბამო აგებულება ბევრ მშობელს და სპორტის მასწავლებელს აყენებდა მცდარ გზაზე და აფიქრებინებდა, რომ ასეთი მოზარდისგან სპორტსმენი ვერ გამოვიდოდა. გვარიანად ჩაპუტკუნებული სუმოისტების (ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ სუმოისტების ბრძოლა წელს პირველად ნახა) ნახვამ კი ქართველ მშობლებს განსაკუთრებული მოტივაცია ჩაუნერგა, რომ შესაძლებელია ვარჯიშისა და სათანადო მომზადების შემდეგ, სწორედ მათმა შვილებმა შეძლონ ტოჩინოშინის გზის გავლა. რატომაც არა! შეუძლებელი მართლაც არაფერია!

სუმოს ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს და დღეს იაპონელ მამაკაცთა უმრავლესობა სპორტის ამ სახეობას მისდევს უმაღლესი სკოლების კლუბებსა თუ უნივერსიტეტებში, ასევე არსებობს სუმოს მოყვარულთა ასოციაცია. იაპონიასა თუ საზღვარგარეთის ქვეყნებში სუმო ცნობილია, როგორც პროფესიული სანახაობრივი სპორტის სახეობა.

იაპონელი სუმოისტების უმეტესობა სოფლებიდან ჩამოსული საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან. თუ ბიჭის ოჯახი თანახმაა, ოიაკატა, რომელიც ყოფილი მოჭიდავეა, დაახლოებით 50 ჰეიას (საცხოვრებელი) მართავს და 5-დან 30-მდე მოჭიდავეს ზედამხედველობს, მზადაა აიყვანოს მათი შვილები მოწაფეებად. ახალგაზრდები ვარჯიშობენ, იკვებებიან და იძინებენ საერთო საცხოვრებლებში და იღებენ მცირე გასამრჯელოს. რეგულარულ ტურნირებზე ერთმანეთს არ ეჯიბრებიან ერთი და იგივე საცხოვრებლის წევრები.

სუმოს ცხოვრების წესი მოწაფეების მიმართ მკაცრად მომთხოვნია და ახალგაზრდები 5 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვარჯიშობენ მაღალი რანგის და სეკიტორის (პროფესიონალი) წოდების ანუ ხელფასიანი მოჭიდავის სტატუსის მოსაპოვებლად. დაახლოებით 700 მოჭიდავიდან, რომელიც ცხოვრობს ამგვარ საცხოვრებელში, მხოლოდ 70 იღებს სეკიტორის სტატუსს.

უკვე ბევრმა ქართველმა გაიგო, რომ სუმო, როგორც ორთაბრძოლის ერთ-ერთი სახეობა, არის იაპონიის ეროვნული სპორტის სახეობა. მეტოქეების ფერადი მავაშისა (მუცლის ქამარი) და განსაკუთრებული თმის ვარცხნილობის ოიჩოს სტილი უძველესი დროის იაპონურ იერს მოგვაგონებს. სუმო ტრადიციული ელემენტების ერთგული მიმდევარია, მაგალითად დოჰიოს (ჩალის ამაღლებული სცენა) განლაგების წესები შერწყმულია შინტოს რელიგიურ ცერემონიასთან. ტრადიციების განსაკუთრებული პატივისცემა კი არც ქართველებისთვისაა უცხო. სხვათა შორის, სიტყვა სუმო იწერება ჩინური იეროგლიფებით და “ურთიერთცემას“ ნიშნავს, რაც მთლად არ გამოხატავს სპორტის ამ სახეობის არსს. ესაა გოლიათთი ტიტანების შერკინება, სადაც ღირსება ხშირად გამარჯვებაზე მაღლა დგას.

ჩვენ უკვე ქართველი ოძეკი (ჩემპიონი) გვყავს და ეს ჭეშმარიტად დიდი მიღწევაა, მაგრამ სპორტის მოყვარული ადამიანები როგორც წესი მაქსიმალისტები ვართ და ვითომ რატომ არ შეიძლება მომავალში გვყავდეს იოკოძუნაც? (დიდი ჩემპიონი) ტოჩინოშინი იქნება ეს თუ სხვა, მთავარია მიზანი დასახულია და ახლა უკვე შეიძლება ოცნება სუმოში ყველაზე დიდი საფეხბურის დაკავებაზეც. სწორედ ამიტომაცაა საჭირო ბავშვებში და მათ მშობლებში სომოს პოპულარიზაცია, რომ დიდი ტალანტები გამოჩნდნენ და კიდევ უფრო ასახელონ საქართველო.

იაპონური უძველესი ტრადიციის მიხედვით, ჩემპიონთა ტიტულები ასე შეგვიძლია განვალაგოთ: იოკოძუნა (დიდი ჩემპიონი), ოძეკი (ჩემპიონი) და სეკივაკე (უმცროსი ჩემპიონი). იოკოძუნა სუმოს უცვლელი თანრიგია. ამ რანგის მქონე მოჭიდავე აღარ ქვეითდება. თუკი იოკოძუნა ვეღარ აკმაყოფილებს ამ რანგის მოთხოვნებს, ის უბრალოდ ტოვებს პოსტს. რამდენიმე საუკუნის წინ, ტიტულების რანგირების შემოტანის პერიოდიდან, მხოლოდ 70 სპორტსმენს მიენიჭა დამსახურებული იოკოძუნას წოდება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ქართველის ჯერიც დადგება!

Loading...
0.151038