ფეხბურთი

10:58 | 28.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"პარმას" ლეგენდარულმა კაპიტანმა კარიერა დაასრულა

იტალიური “პარმას” კაპიტანმა ალესანდრო ლუკარელიმ კარიერა დაასრულა. ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ივლისში 41 წლის ხდება, პირობის შესრულების შემდეგ ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა.

პირობა კი შემდეგში მდგომარეობდა: 2015 წელს, როდესაც “პარმა” გაკოტრდა და სერია D-ში დააქვეითეს, ალესანდრომ თქვა, რომ მანამდე ითამაშებდა, სანამ პარმეზანელები სერია A-ში არ დაბრუნდებოდნენ. ჰოდა, “პარმამ” სამ წელიწადში სამი ლიგით მაღლა აინაცვალა და იტალიური ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდა.

“ეს არის გზა, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო. დიდებული აუდიტორიის წინაშე, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო, რთულ მომენტებშიც კი. თუმცა, ჩვენ ფეხზე წამოდგომა მოვახერხეთ და უდიდესი სიხარული განვიცადეთ, ახლა კარიერის დასრულებაც შემიძლია. ჩემი ცხოვრება, როგორც ფეხბურთელის “პარმაში” ორ ფაზად იყოფა: თავიდან ვთამაშობდი სერია A-სა და ევროპაში, შემდეგ კი ყველაფერი ნულიდან დაიწყო. თქვენთვის ლუკარელი გადავიქეცი უბრალოდ ალედ”, - განაცხადა ლუკარელიმ.

ალესანდრო ლუკარელი “პარმას” ღირსებას 2008 წლიდან იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან “ჯალობლუს” ღირსება 333 შეხვედრაში დაიცვა. საინტერესოა, რომ ლუკარელიმ ემილიელების რიგებში გოლის გატანა ოთხ დივიზიონში მოახერხა: სერია A, სერია B, სერია C და სერია D. ამასთან, “პარმამ” 6 ნომერი ლუკარელის საპატივცემულოდ გააუქმა.

Loading...
სტატისტიკა
0.258487