ფეხბურთი

18:37 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვინ არის საქართველოს ნაკრების დებიუტანტი ზაურ მახარაძე? (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ივნისში გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის ცნობილია. ვლადიმირ ვაისმა გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო და მათ შორის, ახალი სახეებიც არიან.

ერთ-ერთია ზაურ მახარაძე, რომელიც დონეცკის “ოლიმპიკის” კაპიტანი და კარის დარაჯია. 25 წლის მეკარე აქამდე უკრაინის მოქალაქე გახლდათ, თუმცა ცოტა ხნის წინ ქართული პასპორტი აიღო და ამიერიდან “ჯვაროსნების” ღირსების დაცვაც შეეძლება. ვინ არის ზაურ მახარაძე?

1993 წლის 24 მარტს ოდესის ოლქში, ბალტაში დაიბადა. მთელი საკლუბო კარიერა “ოლიმპიკში” აქვს გატარებული. ზაური ამ გუნდის აკადემიაში 2006 წელს მივიდა და იქ 4 წელი დარჩა. 2010 წლიდან კი მთავარი გუნდის ღირსებას იცავს. 2011-2014 წლამდე უკრაინის პირველ ლიგაში 46 მატჩი ჩაატარა, ხოლო მერე “ოლიმპიკმა” პრემიერლიგის საგზური მოიპოვა.

უკრაინის მთავარ ლიგაში დებიუტი 2014 წლის 26 ივლისს, “ჩერნომორეცთან” ჰქონდა, თუმცა წარუმატებელი, რადგან მისი გუნდი 0:4 დამარცხა. საბოლოოდ, მახარაძემ სადებიუტო სეზონში 13-ჯერ დაიცვა დონეცკელთა კარი მშრალად ორჯერ შეინახა და 33 გოლი გაუშვა. უფრო წარმატებული გამოდგა 2015-2016 წლების სეზონი. ქართული ფესვების მქონე მეკარემ პრემიერლიგაში 19 თამაში ჩაატარა (5 მშრალი მატჩი) და 26 გოლი გაუშვა.

2016-2017 წლების სეზონში “ოლიმპიკის” კარი 31-ჯერ დაიცვა (8-ჯერ მშრალად), გაუშვა 41 გოლი. რაც შეეხება ახლახან დასრულებულ სეზონს – აწ უკვე საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა 24 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 9 მატჩი მშრალად და 30 გოლი გაუშვა.

მახარაძეს ნათამაშები აქვს უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, გარდა ეროვნულისა. 2009 წელს 16-წლამდელებში ერთი თამაში ჩაატარა. 2009-2010 წლებში უკვე 17-წლამდელთა კარს იცავდა და 11 მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, რასაც 18 წლამდე ნაკრებში ერთი შეხვედრა მოჰყვა. 2014 წელს კი, უკვე უკრაინის 21 წლამდე ნაკრების კარი დაიცვა 5 მატჩში.

ახლა კი, ჯერი ეროვნულ ნაკრებზეა, ოღონდ, არა უკრაინის, არამედ საქართველოს ნაკრების. შეიძლება ითქვას, ეს კარგად გვაქვს დაცდილი. თავის დროზე, ვაკო გვილიაც უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა ახლა ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდისთვის, ამაზე აღარ შევჩერდებით. ამჯერად ჯერი 25 წლის კიპერზეა, რომელსაც პირველი გამოცდის ჩაბარება მალტისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან მოუწევს...

0.113919