ფეხბურთი

13:57 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ვლადიმირ ვაისის 4 დებიუტანტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, ვლადიმირ ვაისმა ივნისის ტესტ-მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის, ოთხი დებიუტანტია:

ბექა ვაჩიბერაძე, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ანალოგიური სიტუაციაა დონეცკის “ოლიმპიკის” მეკარის, ზაურ მახარაძის თაობაზეც და 25 წლის კიპერი “ჯვაროსნებს” პირველად დაეხმარება. გარდა ამისა, საქართველოს მთავარ გუნდში დებიუტი ექნებათ სლოვაკური “ტრენჩინის” შემტევ გიორგი ბერიძესა და თბილისის “დინამოს” მარცხენა მცველ ლევან ხარაბაძეს.

გარდა ამისა, კლუბებთან შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ოთარ კაკაბაძე და გიორგი პაპუნაშვილი. ორივე მათგანის გუნდები (“ხიმნასტიკი” და “სარაგოსა”) ლა ლიგა 2-ის გადამწყვეტ მატჩებს ატარებენ. ლეგიონერები ყაზახეთის ჩემპიონატიდან, ჯაბა ჯიღაური, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი მალტასთან მატჩის შემდგომ შეუერთდებიან ეროვნულ ნაკრებს.

ამასთან, არის რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი – გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი. ლევან მჭედლიძე კი ახლახან გამოჯანმრთელდა და როგორც ჩანს, ვაისმა რისკზე წასვლა არ მოინდომა.

სხვა მხრივ კი, “ჯვაროსნების” შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები 26 მაისს ავსტრიაში, დაბა ბად ჰერინგში შეიკრიბება, ხოლო 1 ივნისს, ქალაქ შვაცში მალტას გაეჯიბრება. 3 ივნისიდან “ჯვაროსნები” ლუქსემბურგში გადაინაცვლებენ და ორი დღის თავზე ადგილობრივ ნაკრებთან მოსინჯავენ ძალებს.

ეს ორი სპარინგი ერთა ლიგის დაწყების წინ, ბოლო სამზადისია. შეგახსენებთ, პირველ მატჩის საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს, ასტანაში, ყაზახეთთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117495