ფეხბურთი

19:42 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია რუსეთის ჩემპიონია! (+VIDEO)

მოსკოვის “ლოკომოტივი” რუსეთის 2018 წლის ჩემპიონია. სოლომონ კვირკველიას გუნდმა ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაიფორმა. “რკინიგზელები” მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდნენ რუსულ პრემიერლიგას, მაგრამ ბოლო სამ ტურში ორი ქულა მოიპოვეს (გოლიც ვერ გაიტანეს) და “სპარტაკს” 4 ქულამდე მიახლოვების საშუალება მისცეს.

იური სიომინის გუნდმა ხსენებული ჰანდიკაპი ბოლო ტურის წინ შეინარჩუნა და შესაბამისად, ჩემპიონი გახდა. მოსკოველებმა შინ “ზენიტი” 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ედერი გახდა. გეცნობათ ეს სახელი? – დიახ, ეს, ის ედერია 2016 წელს, პორტუგალიას ევროპის ჩემპიონის ტიტული რომ მოუტანა საფრანგეთთან დამატებით დროში... "ლოკომოტივს" 60 ქულა აქვს და "სპარტაკს" 7 ქულით გაასწრო, რის შემდგომაც "სახალხო გუნდისთვის" მიუწვდომელი გახდა.

რუსეთის ჩემპიონია სოლომონ კვირკველია, რომელმაც კარიერაში პირველად მოიგო აღნიშნული ჯილდო. ქართველს საოცარი სეზონი ჰქონდა და ჩემპიონობაში საკმაოდ დიდი წვლილიც შეიტანა. 25 წლის ჩვენებურმა განვლილი 29 მატჩიდან 28 ჩაატარა (ერთი წუთიც არ გამოუტოვებია) და ოდენ წინა ტურში ვერ დაეხმარა გუნდს დისკვალიფიკაციის გამო (საბამ “ზენიტთანაც” 90 წუთი ითამაშა). გარდა ამისა, 2 გოლიც გაიტანა საჩემპიონო სეზონში, თანაც რა გოლები: ჯერ ტულას “არსენალის" კარი დალაშქრა VIDEO და მისმა გუნდმა ამ გოლით მოიგო (1:0), ხოლო შემდეგ ყოფილ გუნდზე, ყაზანის “რუბინზე” იძია შური და 90-ე წუთზე დაამწუხრა VIDEO, რამაც მოსკოველებს ქულა მოუტანა (1:1). ამასთან, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მისი მოხვედრა სხვადასხვა გამოცემათა ვერსიით, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ორჯერ კი "ლოკომოტივის" თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა (ივლისი და აპრილი). აქვე გეტყვით, რომ კვირკველიამ “რკინიგზელთა” რიგებში ერთი წლის წინ რუსეთის თასიც მოიგო.

მოსკოვის “ლოკომოტივი” ისტორიაში მესამედ და 2004 წლის შემდეგ პირველად გახდა რუსეთის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111332