ფეხბურთი

17:14 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: "ლა ლიგაში გამარჯვება უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე"

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა “ელ კლასიკოს” წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, “რეალი” “ბარსელონას” საჩემპიონო დერეფანს არ გაუკეთებს.

გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ლა ლიგაში ჩემპიონობა უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე:

“ჩვენ არ ვაპირებთ დერეფნის გაკეთებას. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ მათ იგივე არ გაგვიკეთეს. თქვეს, რომ ამ ტურნირში არ თამაშობდნენ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, საიდანაც ირჩევიან მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილენი. მათ არ გააკეთეს დერეფანი და არც ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პატივს ვცემ იმას, რაც გააკეთეს – დუბლი შეასრულეს და ვულოცავ.

ჩემი გუნდი კარგ ფორმაშია. დასვენება მოვასწარით და სათამაშოდ მზად ვართ.

- თქვენ თქვით, რომ არ იქნება საჩემპიონო დერეფანი, მაგრამ იქნება ანდრეს ინიესტასადმი.

- ინიესტა ის ფეხბურთელია, რომლითაც აღფრთოვანებული ვართ. ყველამ ვიცით, რა გააკეთა კარიერის განმავლობაში, როგორი ფეხბურთელი და როგორი ადამიანი იყო. დიდ წარმატებას ვუსურვებთ მომავალში.

- ისკო და ვარანი ითამაშებენ?

- ეს არის თამაში, რომელშიც 3 ქულა თამაშდება. თუმცა, სატურნირო ცხრილში ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება. ფეხბურთელებს, რომელთაც თამაში არ შეუძლიათ, არ ითამაშებენ. ჩვენ გრძელი სკამი გვაქვს და მათი შეცვლა შეგვიძლა.

- ფეხბურთელებს დაასვენებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალმდე?

- არა, არავის. არ ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვალაა. ჩვენი ფეხბურთელები სეზონის ბოლომდე ფორმაში უნდა იყვნენ. ვინც 100%-ით მზად არ იქნება, არ ითამაშებს, მაგრამ დანარჩენები მოედანზე გავლენ.

- სერხიო რამოსი ითამაშებს?

- რამოსი ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. მისი მნიშვნელობა განუზომელია. ის მაგალითი და მოტივაციაა მთელი გუნდისთვის და ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მაქვს.

- ლა ლიგაში გამარჯვება უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე?

- გასაკეთებლად უფრო რთულია. ამას ყველა ამბობს. ლა ლიგა უფრო ძნელი ტურნირია.

- ეცდებით, რომ ტრავმებისგან თავი დაიზღვიოთ?

- ამაზე ფიქრი არ შემიძლია. თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტირებული. გულშემატკივრების მხრიდან თამაშისადმი ნაკლები მოლოდინია, რადგან ჩემპიონი ცნობილია, მაგრამ არმგონია მატჩის დაწყების შემდეგაც ასე იყოს.

“ბარსელონასა” და “რეალის” მატჩი კვირას, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.113523