ფეხბურთი

19:20 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი ბრუნდება, ბალოტელიზე კვლავ ფიქრობენ

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ ჯანლუიჯი ბუფონს ახალი შანსი მისცა, რომ სანაკრებო კარიერა უფრო სასიამოვნოდ დაასრულოს. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ამხანაგური მატჩებისთვის ნაკრებში ბუფონის გარდა ჯორჯო კიელინის დაბრუნებასაც გეგმავს.

“მე უკვე დავგეგმე თუ რას გავაკეთებ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში და ზოგიერთი ფეხბურთელის დაბრუნებას ვაპირებ. ვესაუბრე ბუფონს და ვთხოვე, რომ მინიმუმ 2-3 თამაში ისევ ჩაატაროს ნაკრებში, რადგან მგონია, რომ ჯიჯისთვის შვედეთთან მატჩი უსამართლო იყო და სანაკრებო კარიერის ასე დასრულებას არ იმსახურებს. ამიტომ, ნაკრებში მისი დაბრუნება მინდა.

ბარძალის ნაკრებიდან წასვლის ფაქტს ვადასტურებ, ხოლო ჯორჯო კიელინი ისევ ჩვენთან ერთად იქნება. რაც შეეხება დე როსის, ამჟამად მას ფიზიკური პრობლემები აქვს და ვერ დაგვეხმარება. რაც შეეხება სხვა დეტალებს, არ ვაპირებ ყველა კარტი გავხსნა, თუმცა გეტყვით, რომ ბალოტელის აქტიურად ვაკვირდები და საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მივიღებ”, - განაცხადა დი ბიაჯომ, რომელსაც ეროვნული გუნდი დროებით ჩააბარეს, ახალი თავკაცი კი იტალიელებს სავარაუდოდ ზაფხულში ეყოლებათ.

აქვე გეტყვით, რომ იტალიის ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - 23 მარტს არგენტინასთან, ხოლო 27 მარტს ინგლისის ნაკრებთან.

0.122137