ბლოგი

10:20 | 5.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი ამბების გახსენება

ცხოვრებაში რამდენჯერმე ვინანე, რომ კინორეჟისორი არ გავხდი. განქსტერული ფილმების ჟანრში მომუშავე ამერიკელი პროდუსერები უამრავ ფულს ხარჯავენ ნორმალური კინოსცენარის ხელში ჩასაგდებად, მაშინ როდესაც საქართველოში ასეთი სცენარები ჩეჩქივით ყრია.

ქართული სპორტის ზოგიერთ მესვეურს რომ სპორტი ისე "უყვარდა", როგორც არგენტინელებს ბრაზილიის ნაკრები, ეს ცნობილი ამბავი იყო, მაგრამ იმას კი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბოლო ორი კვირის განსჯის მთავარი საგანი ერთ-ერთი ფეხბურთელის ხელზე გაკეთებული ე.წ. ელგებეტე სამკლაური გახდებოდა და ყველა თავს ვალდებულად ჩათვლიდა, რომ ამ თემაზე ემსჯელა, ეკამათა, ეყვირა და ეჩხუბა. მნიშვნელოვანია, რომ ეს წიოკი პოლიტიკურ ფონზე და მავანი ქართულმარშელების აქციების პარალელურად მიდიოდა.

ადრე სპორტსმენები ჩხუბობდნენ პოლიტიკოსების გამო, ახლა კი პირიქით, პოლიტიკოსები ჩხუბობენ სპორტსმენის განსაქიქებლად. ქართულ პოლიტიკას ახსოვს ერთ დროს ხალხისათვის საყვარელი, შემდეგ კი ამავე ხალხის წინააღმდეგ მუშტებშემართული სპორტსმენები. ამის დასტურად, მოკრივე გიორგი კანდელაკის მაგალითიც კმარა, რომელმაც ”სმკ"-ს დასაცავად მოქნეული მუშტებით ეს სიყვარული ქარს გაატანა, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა და სხვაგვარად გვტკენს გულს მისი გახსენება.

ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის გარიჟრაჟიდან, ძალიან კარგად მახსოვს ბევრი, უთქმელი, მორიდებული რესპოდენტი, რომლებიც საყოფაცხოვრებო პირობების არქონას უჩიოდნენ და მაინც არ იყვნენ უბედური. მერე კი, ცოტა ხანი გავიდა და ეს ადამიანები საშინელ მონსტრებად იქცნენ. ამბობენ, ადამიანები იცვლებიანო. მე კი ვიტყვი, რომ - არა! ადამიანები არ იცვლებიან! ადამიანები ყოველთვის ისეთები არიან, როგორებიც არიან. უბრალოდ ყველას არ ეძლევა ”შანსი", რომ საკუთარ სულში დაბუდებული უცნაური არსება გამოაღვიძოს.

რაც შეეხება გურამ კაშიას მაგინებლებს და ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ "ქართველი ერის გადამრჩენად" და "დემოკრატიის მეციხოვნედ" წარმოდგენილ ქართულმარშელებს, კონკრეტულად კი მათ ლიდერს გია კორკოტაშვილს - ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი ბატონი გიას დემოკრატობასა და "ჯიგარ ბიძობას". არ დაგიმალავთ და ახლაც ამ აზრზე ვარ. უბრალოდ არ მჯერა ეგეთი ხალხის და ვფიქრობ, არც უნდა მჯეროდეს.

და ბოლოს, გეფიცებით, მართლა გულით მეცოდებიან ის ადამანები, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციას მიეჭრნენ და “კორკოტას” დროშა ააფრიალეს. ხოლო თუ რატომ მეცოდებიან, ამის პასუხს ”პინქ ფლოიდის" ”კედელში" იპოვნით...

0.122508