ბლოგი

20:30 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი შესარჩევი ეტაპი დასრულდა. დროა ვიფიქროთ ცვლილებებზე!

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი შესარჩევი ციკლი დაასრულა და დაგვიტოვა სრული სიცარიელე, როგორც მომავლისკენ გახედვის, ასევე არსებული რეალობის გაანილიზების კუთხით, რადგან არც ქომაგებმა და არც საკუთრივ ნაკრების წევრებმა არ იციან სად ვართ, სად მივდივართ და რა გვინდა.

ხუთი ფრე და ამდენივე მარცხი -ასეთია ჩვენი ნაკრების მონაგარი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ერთ-ერთმა უკრიანელმა სპორტულმა მიმომხილველმა მეტად მოსწრებულად უწოდა ჩვენს გუნდს “ნაკრები, რომელსაც მხოლოდ ფრეების მიღწევა შეუძლია“ და ვისაც არ უნდა ეწყინოს ფაქტია, რომ ვლადიმერ ვაისის გუნდმა განსაკუთრებული ვერაფერი მოიმოქმედა და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით აღარ ვმარცხდებით, ასეთ სრულიად დუნე და “უმარილო“ გუნდის პატრონებს რაიმე მნიშვნელოვანის მიღწევის იმედი უბრალოდ არ უნდა გვქონდეს.

არაფერს ვერჩით პირადად ვლადიმერ ვაისს, რომელსაც ცოდნა და კვალიფიკაცია ჩვენგან ნამდვილად არ დაეწუნება. ამ კაცის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ არასოდეს გაუცია ცრუ და არაფრისმომტანი დაპირებები, მაგრამ ეს რაიმეს ცვლის ჩვენი გუნდისათვის? ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, რომლებიც რატომღაც ჯიუტად ვოცნებობთ დიდ სანაკრებო ტურნირებზე გასვლაზე და რეალობისათვის თვალის გასწორებას არაფრის დიდებით არ ვაპირებთ.

უეფას მიერ მოგონილი სრულიად ახალი და უდავოდ საინტერესო წესების მიხედვით, მომდევნო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოსთანა ბეჩავი გუნდებისთვისაც კი შანსის მიცემას ითვალისწინებს და თუკი ჩვენსავით ბედოვლათ ნაკრებებს შორის ვიპირველეთ, დიდი ქართული ოცნებაც ახდება. ერთი შეხედვით ამაზე უკეთესი არაფერია, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გიხაროდეს ის ფაქტი, რომ შენი ქვეყნის ნაკრები ყველაზე უსუსტეს - „დ“ ჯგუფში ანდორასთან, ლუქსემბურგთან, სან-მარინოსთან და ასეთ ბედოვლათ გუნდებთან მოხვდა და მხოლოდ უეფას მიერ მოძღვნილი საჩუქარი და მოწინააღმდეგეთა სისუსტე გაძლევს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის იმედს და არა ის, რომ რაიმენაირად დაიმსახურე მსგავსი წარმატება.

სანამ მომავალ შესარჩევ ეტაპამდე მივსულვართ და საქართველოს ცაში იმედების ახალი ფოიერვერკი“ გაგვიშვია, მანამდე მეტად ყოფითი და რეალური პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი. პირველ ყოვლისა ესაა ნაკრების არამხოლოდ მწვრთნელის, არამედ მთელი მენეჯმენტის მუშაობის შეაფასება. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ნაკრების ცუდი შედეგების გამო ვინმეს პასუხი უგია. პასუხისგებაში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და ფეხბურთის ფედერაციაში პროკურატურის გამომძიებლების ჩასახლებას (თუმცა, თუ საჭირო იქნება, არც ეს უნდა გამოირიცხოს). მე ვგულისხმობ პასუხისმგებლობას ქომაგების წინაშე. თუკი ჩავთვლით, რომ ფედერაცია და ნაკრების მენეჯმენტი კარგად მუშაობს და მათ მიერ ნაჩვენები შედეგები მისაღებია, მაშინ უნდა გავუგრძელოთ ვადა ამ ადამიანებს მინიმუმ კიდევ 1 შესარჩევი ეტაპით მაინც, მაგრამ ამას ჭირდება განხილვა, მსჯელობა და საზოგადოების ჩართვა, რაც ფეხბურთის ფედერაციის დახურული დარაბების იქით ხშირად არავის ესმის და კრიტიკას როგორც წესი მტრულად ხვდებიან.

ასეა თუ ისე, თავის მოტყუება და ცრუსაქმიანობა იქნება ყველაფერი სხვა, თუ არ ვიფიქრეთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებზე და თან დიდ ცვლილებებზე. სხვანაირად არაფერი გამოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11373