ფეხბურთი

19:05 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლაკვეხელიანი: “ჩვენი ნაკრების თამაშმა ქართულ ფეხბურთში იმედი გააღვივა”

WORLDSPORT.GE განაგრძობს რუბრიკას “ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან” და ამჯერად ჩვენი სტუმარია “საბურთალოს” ახალგაზრდა, პერსპექტიული მცველი ლუკა ლაკვეხელიანი.

ლუკამ საფეხბურთო კარიერა “მარკინალში” 6 წლის ასაკში დაიწყო, სადაც 14 წლამდე თამაშობდა. 15 წლის ასაკში მოხვდა “საბურთალოში”, თავიდან მეორე გუნდში და მხოლოდ 1 წელი სასჭირდა, რომ პირველ გუნდში დაწინაურებულიყო.

ასაკობრივ ნაკრებს რაც შეეხება, პირველად საქართველოს 18 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს, რამაც, როგორც თავად ამბობს, ძალიან დიდი სიხარული მოუტანა.

ოცნების გუნდი მადრიდის “რეალია” და 18 წლის ფეხბურთელის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომელიმე ევროპულ გრანდში რომ ითამაშოს.

წლევანდელ მიზნებს კი რაც შეეხება, სურს, რომ “საბურთალოსთან” ერთად ეროვნული ლიგის სამეულში მოხვდეს და მომავალ წელს ევროტურნირებზე იასპარეზოს.

- პირველი ნაბიჯები...

- ფეხბურთზე სიარული 6 წლის ასაკში კლუბ “მარკინალში” დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელი გიზო ზივზივაძე იყო, რომელთანაც 14 წლამდე ვთამაშობდი. 15 წლის ასაკიდან მოვხვდი “საბურთალოში”. თავდაპირველად, მეორე გუნდში ვიყავი, თუმცა დროთა განმავლობაში ჩემი შრომა დაინახეს და პირველ გუნდში დამაწინაურეს.

- გუნდის მთავარი მიზანი...

- გუნდში ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ფეხბურთელი განვითარდეს, ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრა და ევროსარბიელზე ასპარეზობაა.

- ევროტურნირებზე კარგად ასპარეზობის საიდუმლო რაშია?

- მთავარი მონდომება და სწორი ფეხბურთის თამაშია. მაღალ სისწრაფეებზე უნდა ითამაშონ, როგორიც მაღალი დონის გუნდებს შეეფერებათ და შედეგიც იქნება.

- საბურთალო მე-6 პოზიციაზე იმყოფება და მესამეადგილოსანთან სხვაობა 11 ქულაა, რამდენად რეალურია სამეულში მოხვედრა?

- ჯერ წინ ძალიან ბევრი თამაშია და წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. ჩემი აზრით, საკმაოდ რეალურია სამეულში მოხვედრა.

- სხვა კლუბებიდან თუ გაქვთ შემოთავაზებები, სადაც შეიძლება ახლო მომავალში გადახვიდეთ?

- ჯერჯერობით “საბურთალოს” ღირსებას ვიცავ და დაინტერესებები ალბათ იქნება. თუ ჩემი კლუბი რაიმე სერიოზულ წინადადებას მიიღებს, თავად შემატყობინებენ და ყველაფერს გავარკვევთ.

- ეროვნული ლიგის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ახალი ფორმატი...

- ჩემი აზრით, ახალმა ფორმატმა გაამართლა. კარგია, რომ თამაშები შუქდება და ასე თუ ისე მაყურებელი თვალს გვადევნებს.

- როგორია ჩემპიონატის დონე?

- საქართველოს ჩემპიონატს ტემპის მომატება სჭირდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მაყურებელი. როდესაც სტადიონზე მაყურებელი მოდის, ფეხბურთელები ბევრად მოტივირებულნი არიან და მონდომებითაც თამაშობენ. გამომდინარე აქიდან ტემპიც იზრდება.

- პრინციპული მეტოქე...

- მნიშვნელობა არ აქვს ვის ვეთამაშები. ყველა თამაშში ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო.

- ის რაც ჩვენმა მკითხველმა შენზე არ იცის...

- ინტერვიუებში ჩემ საფეხბურთო ცხოვრებასთან დაკავშირებით თითქმის ყველაფერზე მისაუბრია. დასამალი არაფერი მაქვს, ამიტომ ისეთი რამე არ არსებობს, რაც ხალხმა უნდა იცოდეს და არ იცის.

- ასაკობრივ ნაკრებში როგორ მოხვდი და როგორი გრძნობაა როდესაც შენი ქვეყნის სახელით თამაშობ?

- პირველად 18 წლამდე ასაკობრივ ნაკრებში დამიძახეს და ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის. როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ, ყველაზე მაგარი გრძნობაა, როცა შენ ქვეყანას წარმოადგენ და შეგიძლია წარმატების მიღწევაში დაეხმარო.

- საქართველოში ჩატარებულ 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე რომ ვისაუბროთ და გაიხსენო სამივე თამაში დღევანდელი გადმოსახედიდან.

- ევროპის ჩემპიონატი ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა და საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. არც ისე ადვილ ჯგუფში ვიყავით, თუმცა ჩვენი ნაკრების თამაშმა, ქართულ ფეხბურთში გარკვეულწილად იმედი გავაღვივა.

- რომელი მატჩით დარჩით უკმაყოფილო ჩატარებული თამაშებიდან?

- ჩეხეთთან თამაშით, იმიტომ, რომ სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით.

- გულშემატკივრის ფაქტორი...

- ჩემთვის დიდ გავლენას ახდენს გულშემატკივარი. უფრო მოტივირებული და მონდომებული ვთამაშობ.

- ყოველი თამაშის წინ...

- ვლოცულობ.

- სად და როგორ წარმოგიდგენია შენი თავი წლების შემდეგ?

- არავინ იცის მომავალში რა მოხდება, მაგრამ ევროპულ გრანდებში მსურს თამაში, რის გამოც ყველაფერს გავაკეთებ.

- ოცნების გუნდი?

- მადრიდის “რეალი”.

- ვის გვერდით ითამაშებდი სიამოვნებით?

- დღესდღეობით ისეთი ფეხურთელები თამაშობენ ძნელია გამოვარჩიო ვისთან ერთად ვითამაშებდი. (იცინის)

- თუმცა თუ ვიმსჯელებთ, რომ ოცნების გუნდი “რეალია”, შევჯერდებით რონალდუზე?

- რა თქმა უნდა.

- ვის კარში გატანილი გოლი მოგანიჭებდა ყველაზე დიდ სიამოვნებას?

- ჯანლუიჯი ბუფონის.

- საფეხბურთო მიზანი, რომლისთვისაც იბრძოლებ?

- მაღალ დონეზე თამაში და მსურს ჩემი ქვეყანა ვასახელო, ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ.

- რას ეტყოდი ჩვენს მკითხველს?

- მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და ვეტყვი, რომ აუცილებლად დავუფასებ გვერდში დგომას.

საუკეთესო თერთმეტეული შენი ვერსიით...

ვან დერ საარი, კაფუ, ნესტა, მალდინი, მარსელო, მაკელელე, ზიდანი, ინიესტა, რონალდინიო, რონალდო, მესი.

სამტრედია   2 - 2    დილა

შემადგენლობა

მოვლენები

შუქურა   1 - 2    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   1 - 0    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   1 - 2    კოლხეთი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   0 - 1    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.297334