სხვა

15:52 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე: “ვიცოდი, რომ საქართველოში ოქროს მედლით დავბრუნდებოდი”

რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანმა ლაშა ტალახაძემ თავის მიღწევაზე WORLDSPORT.GE-სთან კომენტარი გააკეთა. 22 წლის ქართველი ძალოსანის განცხადებით, იგი უშუალოდ შეჯიბრის მიმდინარეობისას მიხვდა, რომ სამშობლოში ოქროს მედლით დაბრუნდებოდა.

ამასთან, ლაშამ ისიც დაამატა, ალბათ, 5 კილოგრამით მეტის აწევაც შემეძლოო – მთლიანობაში, იგი თავისი გამოსვლით რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩა.

“ოლიმპიადაზე უამრავი და უძლიერესი სპორტსმენი გამოდიოდა და მე რა თქმა უნდა, მხოლოდ გასამარჯვებლად წავედი რიოში. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ოქროს მედლით დავბრუნებულიყავი საქართველოში. სიმართლე გითხრათ, რეკორდზე არ მიფიქრია, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავი. უკვე შეჯიბრის მსვლელობისას ვხდებოდი, ოქროს მედალს რომ მოვიგებდი, რადგან ვგრძნობდი სიტუაციიდან გამომდინარე ყველაფერს, რა შემეძლო და რა – არა.

იმასაც ვხვდებოდი, რომ მზად ვიყავი მსოფლიო და ოლიმპიურ რეკორდზე წავსულიყავი და რაღა თქმა უნდა, მწვრთნელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც 258 კილოგრამი შეუკვეთეს. რაც შეეხება კიდევ შემეძლო თუ არა, უფრო მეტი ამეწია, ვფიქრობ, მაქსიმუმ 5 კილოთი მეტის დაფიქსირება შემეძლო”, - გვითხრა ტალახაძემ.

შეგახსენებთ, 16 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 22 წლის ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა – მან ატაცში 215 კგ, ხოლო აკვრაში 258 კგ დააფიქსირა. ჯამში კი – 473, რითაც მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.

0.153031