დიდი დაკვირვება ნამდვილად არ ჭირდება იმის დადგენას, რომ ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრება, თავისი თემატიკით, კონფლიქტებითა თუ მავანთა პათოსით, თანდათან სრული მარაზმის სახეს იღებს და ამ ყველაფერზე უკვე აღარც კი გვეცინება.
არჩილ სულაკაურის შესანიშნავ ზღაპარ "სალამურაში" არის ერთი გმირი. ფეხბურთელი კვანტი-დაუდე, რომელსაც არც თანაგუნდელები ჰყავს, არც რეალური მოწინააღმდეგეები. დარბის სტადიონზე მარტოდმარტო. ხან ერთ კარში გააქვს გოლი, ხან მეორეში და ყველაზე კმაყოფილი თავადაა, რომ სტადიონზე ხალხი საკუთრივ მის სანახავად დადის. ფაქტია, რომ ჩვენში ბევრი აშკარად ”კვანტიდაუდეური" სინდრომითაა შეპყრობილი და მავანთ ალბათ დიდად არც აღელვებს, რომ მათ მიერ გამარჯობასავით მუდამდღე წარმოთქმული "ნათელი პერპექტივები", "განვითარების არნახული ტემპი", “ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალი”" და სხვა, იმდენად ძველი და გვარიანად მოყირჭებული ”სიმღერაა", რომ მოხუცებულ ბებიებსაც კი აღარ სჯერათ.
მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, ერთერთ გაკვეთილს აუცილებლად ასე დავიწყებდი: აბა ბავშვებო, ვინ მეტყვის, რა ევალება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს? თუ არ გამოჩნდებოდა ამ არცთუ რთულ კითხვაზე პასუხის გამცემი მოსწავლე, მაშინ კითხვას თავადვე გავცემდი პასუხს: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ევალება პირველყოვლისა ის, რომ ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობისათვის სათანადო ნიადაგი შეიქმნას და დადგეს დრო, როდესაც ბავშვის ფეხბურთზე ტარებას ყველაზე გაჭირვებული ოჯახებიც კი შეძლებენ.
პრეზიდენტს ასევე ჩვენი ფეხბურთში დასაქმებული მაჯლაჯუნების გაკონტროლებაც ევალება, რათა ფეხბურთისთვის გამოყოფილ ისედაც მწირ თანხებს ხრამა-ხრუმი არ აუტეხონ. დღეს კი ყველაფერი პირიქითაა. ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრების მწვრთნელს “ეშპილკავება” და წესიერად იმასაც კი ვერ გეტყვით, რატომ ამოიჩემეს კახი ცხადაძე. უბრალოდ არ მოსწონს და მორჩა!
მრავალ პრესკონფერენცია და ბრიფინგგამოვლილ ჩემს მეგობარ ტელეჟურნალისტს, მისივე თქმით, ბოლო დროს ძილში უცნაური ბოდვები და ხილვები დასჩემდა. თურმე ნუ იტყვით და კობიაშვილის უცნაური და მარადჟამს პათოსის ხშირად სმენის გადამკიდე, ძილში მისებრ ფრაზებს ისვრის: ”ჩვენი წარმატება მომავლის საქმეა!", “ცოტაც გვაცალეთ", “მე რა შუაში ვარ?”", “ყველაფერი წინა პრეზიდენტის ბრალია" და სხვა. ერთერთ ინტერნეტსაიტზე ამოვიკითხე, რომ თურმე გერმანიის მთავრობა პენსიაში გასულ ფსიქოლოგებს პენსიებზე სპეციალურ დანამატს აძლევს იმის გამო, რომ ფსიქოლოგების სამუშაო მეტად სტრესულია და გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან სტრესგამოვლილი ფსიქოლოგების ფულადი წახალისება, ერთგვარი კეთილი ჟესტია. ის ჩემი მეგობარი ჟურნალისტი კი ჯერ 26 წლისაა, პენსიამდე ბევრი უკლია და არც “ფედერაციული სტრესის” კომპენსირების იმედი აქვს.
ფეხბურთელი და პრეზიდენტი კობიაშვილი დაახლოებით ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც გაბრიელ ბატისტუტა ედმუნდოსაგან. გავიდა დრო (რომელიც ყოველთვის სულაც არაა ყველაფრის მკურნალი) და ერთ დროს ჩვენი კუმირი “კობი” სახელისუფლებო პარტიის რჩეული გახდა. და მერე იყი წყვდიადი... არადა რატომ? რატომ?...









