ფეხბურთი

16:07 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზუსტად 17 წლის წინ: "კიდევ არ დაიღალნენ ქართველები?"

 მას შემდეგ ზუსტად 17 წელიწადი გავიდა. რა ტკბილად გასახსენებელია და რამდენი რამ შეიძლება დაწერო სექტემბრის ამ ორკვირიან მონაკვეთზე, როცა თბილისის "დინამომ", დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გადალახა სამი ეტაპი ევროტურნირებზე. ეს უკვე აღარ იყო არველაძეებით, ქინქლაძით, ყაველაშვილითა და შელიათი თავმომწონე გუნდი, რომელიც საოცრად ლაღად თამაშობდა და ვნატრობ, ასეთ ფეხბურთს კიდევ მოვესწრო ქართველების შესრულებით.

მაგრამ ახლა რომელ გუნდზეც დავწერთ, ეს, თვისობრივად განსხვავებული იყო ორი წლის წინანდელისგან. უფრო პრაგმატული, შედეგზე მოთამაშე, ხისტი, ბრძოლისუნარიანი. და რაც მთავარია, სხვა მწვრთნელით – დავით ყიფიანით.

უეფას თასზე ორი მატჩის ჯამში 2:1 მოუგო მოსკოვის "ტორპედოს" და 1/16 ფინალში გავიდა. I საკვალიფიკაციოზე, დავით ყიფიანის გუნდმა ლუქსემბურგის "გრევენმახერს" იოლად აჯობა (4:0, 2:2), შემდეგ ნორვეგიულ "მოლდეს" სძლია (2:1, 0;0), ხოლო 1/32 ფინალში მოსკოვის "ტორპედოს" ბარიერი ელოდა.

ბევრს უკვირდა, ასეთი რომანტიკოსი ფეხბურთელი სხვაგვარ ფეხბურთს რატომ ათამაშებდა "დინამოს", მაგრამ ყიფიანი არასოდეს ზღუდავდა ინდივიდუალიზმს, არ იყო მკვეთრად დაცვაზე ორიენტირებული და მისი გუნდი შეტევაში როცა იყო, რიცხობრივი უპირატესობით ცდილობდა გოლის გატანას. ყიფიანის ფეხბურთელები ბევრს დარბოდნენ, ასწრებდნენ წინიდან უკან და უკნიდან წინ ჩასვლას. იყვნენ მუშები და იყვნენ შედარებით თავისუფალი ფეხბურთელები. მაგალითად, გოჩა ჯამარაული.

მოსკოვში მატჩი 10 სექტემბერს გაიმართა და "დინამომ" 1:0 მოიგო. თამაშით აჯობა კი არა, როგორც ჟარგონულად იტყვიან, "ბურთი დაუმალა" მეტოქეს. ამ ვიდეოში ქართველთა ყველა მომენტ არაა შეტანილი - უფრო მკაფიო უპირატესობა ჰქონდათ ყიფიანის შეგირდებს, ვიდრე ჩანს. საწყისი 10-წუთიანი დაბნეულობის შემდეგ, დინამოელებმა "ტორპედოს" თავისი თამაში შესთავაზეს. არადა, ყველაფერი თითქოს მასპინძელთა სასარგებლოდ იყო – უპირველესად, ამინდი.

არ მახსოვს, ვინ იყო რუსი კომენტატორი, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე სინანულით თქვა: "და პოჩემუ ნე უსტაიუტ ტბილისცი?" (რატომ არ იღლებიან თბილისელები?).

ერთადერთი გოლი ჯამარაულმა გაიტანა, როცა მახვილი კუთხიდან დაარტყა საჯარიმო და მეკარეს ხელიდან გაუვარდა ბურთი. "ჯამარამ" მერე ხარიხასაც მოარტყა ბურთი. ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, გიორგი კიკნაძე, ალექსანდრე იაშვილი და გიორგი დემეტრაძე ჯერ 20 წლისანიც არ იყვნენ... და ამ ბიჭებმა ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგეს. ტექნიკაში უპირატესობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. მახსოვს, კობიაშვილი მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, დატანჯა მასპინძელთა მცველი და რუსი კომენტატორი ამბობდა, ეს ქართველი, რაიან გიგზს ჰგავსო.   

წარსულში ცნობილი რუსი ფეხბურთელი, "ტორპედოს" მაშინდელი მწვრთნელი ვალენტინ ივანოვი, სულ ხელებს ასავსავებდა – ვერაფერს ვერ ვაკეთებთო. აშკარად არ ელოდა ასეთ თამაშსა და შედეგს.

თბილისში, მატჩის დღეს, გაზეთ "სარბიელის" პირველ გვერდზე ასეთი სათაური იყო: "ზრია ნადეიტეს, პობედა ბუდეტ ზა ნამი!" (ამაოდ გაქვთ იმედი, ჩვენ მოვიგებთ!). დავით ყიფიანმა 20-30 გაზეთი მოატანინა ბაზაზე და ხეებზე გააკრეს. ლეგენდარულმა ყიფიანმა თქვა, მორჩა, ბიჭებთან მოტივაციაზე ლაპარაკი აღარაა საჭიროო.

თბილისში 65-70 ათასი გულშემატკივარი მოვიდა სტადიონზე, ანუ ტრიბუნებზე ძალიან ცოტა ადგილი იყო თავისუფალი. ეს იყო ზუსტად 17 წლის წინ, 24 სექტემბერს. რუს ფეხბურთელებს ეგონათ, რომ "დინამო" ამჯერად დაცვას მეტ ყურადღებას მიაქცევდა და შენარჩუნებაზე ითამაშებდა, ბევრი კიდევ შემთხვევითობად აღიქვამდა მოსკოვში მოგებას, მაგრამ არა – ყიფიანმა კარგად გააანალიზა მეტოქე და თბილისშიც არ დათმო ცენტრი. ნახევარდაცვაში დინამოელებს უპირატესობა ჰქონდათ - მოკლე მანძილზე ბურთის კარგად გათამაშებისა და კომპაქტურობის წყალობით.

ნერვული პირველი ტაიმის შემდეგ, მალევე გავიხარეთ: ჯამარაულმა 30 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ამჯერად ხარიხა აღარ "ჩარეულა საქმეში", ბურთი ცხრიანში შევარდა. ეს გოლი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც კი ქართველებს ევროტურნირებზე გაუტანიათ.

ტორპედოელთა ნახევრამცველმა მახმუტოვმა, აშკარად განგებ იუხეშა ჯამარაულის წინააღმდეგ და გოჩამ თამაშის გაგრძელება ვერ შესძლო. ტრავმა სერიოზული გამოდგა და დინამოელთა გამთამაშებელს კარგა ხანი გაუცდა. ცოტა აირია თბილისელთა თამაში, რასაც ვოსტოროსაბლინის საჯარიმო და გოლი მოჰყვა – 1:1.

ბოლო წუთებში კი, ყველას რომ ეგონა, დინამოელები დაცვაში ჩაჯდებიანო, ნურას უკაცრავად – 4 საგოლე მომენტი (არ ვაჭარბებთ) ჰქონდათ მასპინძლებს და სასწაულებრივად გადარჩნენ მოსკოველები. კახა გოგიჩაიშვილი და გიორგი დემეტრაძე სტუმარტა დაცვას მოსვენებას აძლევდნენ.

საბოლოოდ, "დინამო" გავიდა 1/16 ფინალში, იქ კი, სასიხარულო არაფერი მომხდარა -  პორტუგალიურ "ბოავიშტასთან" გავარდა, რომელსაც ნუნუ გომეში, ჯიმი ჰასელბაინკი, ლატაპი და კიდევ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავდა. რამდენიმე წელიწადში, "ბოავიშტამ" ჩემპიონთა ლიგაშიც მშვენიერი თამაში აჩვენა.

და კიდევ, მოსკოვური ბარიერის გავლის შემდეგ, ყიფიანმა პრესკონფერენციაზე თქვა: ეს გამარჯვება, აფხაზეთში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების ხსოვნას ეძღვნებაო.

დიდი სიხარული იყო მატჩის შემდეგ. წინ წყვდიადი ზამთარი და ლეგენდარული "კერასინკები" გველოდა, მაგრამ იმ საღამოს არავინ ჩიოდა. 

 

"დინამოს" შემადგენლობა გასვლაზე: ზოიძე, ლობჟანიძე, კუდინოვი, კალაძე, მაჭავარიანი, კიკნაძე, ჩხაიძე, კობიაშვილი, ჯამარაული (ინალიშვილი 86), ხომერიკი (ჯელაძე 71), იაშვილი (დემეტრაძე 83).

გოლი: 0:1 ჯამარაული (35).

"დინამოს" შემადგენლობა შინ: ზოიძე, ლობჟანიძე, კუდინოვი (კერძევაძე 38), კალაძე, მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე, ჯამარაული (ინალიშვილი 55), ჩხაიძე, კობიაშვილი, იაშვილი (დემეტრაძე 64).

გოლები: 1:0 ჯამარაული (49), 1:1 ვოსტოროსაბლინი (82).  

ვიდეოები

http://www.youtube.com/watch?v=g61uYGTzAB0

http://www.youtube.com/watch?v=cwZKVMIOikQ

0.115888