ფეხბურთი

20:54 | 20.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ მენთეშაშვილის ეპოპეის დასასრული

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 31 წლის ახალწვეულის სახელია ზურაბ მენთეშაშვილი. ქართველი სპორტსმენი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის მრავალ კლუბში უასპარეზია, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3 (2+1) წლის განმავლობაში დაიცავს.
როგორც მოგეხენებათ, ფეხბურთელისა და კლუბის მომავალი ურთიერთობისა და თანამშრომლობის ამბავი ჯერ კიდევ იანვარში გაცხადდა, თუმცა, ზურაბ მენთეშაშვილის ყოფილ კლუბთან, აშკელონის “ჰაპოელთან” მოლაპარაკებების პროცესი ძალიან გაიწელა და ქართულ-ებრაული შეთანხმება საერთაშორისო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე იქნა მიღწეული, რის გამოც ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა დათქმულ ვადაში არ მოხერხდა. იმერულ კლუბს ერთადერთი შესაძლებლობა რჩებოდა, ფეხბურთელის რეგისტრაციისათვის და ამ შესაძლებლობას ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციათა კავშირის (ფიფა) უშუალო ნებართვა წარმოადგენდა. არსებული წესისა და რიგის თანახმად, მარგველებმა დახმარებისათვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს და 50-დღიანი ლოდინის შემდეგ, ლამის ”დეტექტივად” ქცეული ისტორია ბედნიერად დასრულდა. ზურაბ მენთეშაშვილი, რომელსაც რამდენიმე კვირის წინათ ოპერაცია გაუკეთდა და ამ ეტაპზე, ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” სრულუფლებიანი წევრია.
ორიოდე სიტყვით იმერელთა ახალწვეულის შესახებ:
ზურაბ მენთეშაშვილი - ნახევარმცველი; დაბადებულია - 30.01.1980; სიმაღლე - 176 სმ, წონა - 77 კგ.
2000 წლის ორ თებერვალს, ფეხბურთელს დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომელშიც სადღეისოდ 40 მატჩი აქვს ჩატარებული.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე, ის ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”გორდა” (რუსთავი) - 1997-1998, ”ვიტ ჯორჯია” (თბილისი) - 1999, ”სკონტო” (რიგა, ლატვია) - 1999-2002, 2003-2006, “სპარტაკი-ალანია” (ვლადიკავკაზი, რუსეთი) - 2003, ”შინიკი” (იაროსლავლი) - 2006, ”ვენტსპილსი” (ლატვია) - 2007-2009, “ჰაპოელი” (თელ ავივი, ისრაელი) - 2009-2010, “ჰაპოელი” (აშქელონი, ისრაელი) - 2009-2010.
მარგველთა ღირსებას ზურაბ მენთეშაშვილი 19-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

www.fczestafoni.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113292