17 ოქტომბერს, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა დოლიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ხელბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ კაკაბაძეს ამ და სხვა თემებზე გავესაუბრეთ.
- თქვენთვის ცნობილია, რატომ გადადგა ბატონი ზაზა?
- სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ზაზა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხელბურთელი იყო, შემდეგ კი ნაკრების მწვრთნელად მუშაობდა, ამ ეტაპზე, საჭიროდ ჩათვალა გადამდგარიყო, დაწვრილებითი განმარტებები არ მოუცია, უბრალოდ წერილობით მოგვმართა და გადადგა.
- ვინ აპირებს ამ პოსტზე კანდიდატურის წამოყენებას?
- ჯერჯერობით, თავისი კანდიდატურა არავის წამოუყენებია. განაცხადების მიღება 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თუ რაიმე ინფორმაცია იქნება, პრესის მეშვეობით გავავრცელებ.
- თქვენ არ აპირებთ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას?
- არა.
- საქართველოს მორიგი ჩემპიონატი როდის აიღებს სტარტს?
- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ნოემბრის ბოლოს დაიწყება. მანამდე 3-დან 7 ნოემბრამდე ნაკრები ირლანდიაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე Challange Cup-ზე მიემგზავრება. 1998-99 წელს დაბადებული ჭაბუკები და გოგონები კი ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის შეკრებაზე არიან. ამ ასაკის ხელბურთელები 2015 წელს თბილისში ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებენ.
- საქართველოს ჩემპიონატში რამდენი გუნდი იქნება წარმოდგენილი?
- დაახლოებით 5-6 გუნდი, განაცხადების მიღება 20 ოქტომბერს დასრულდება და ზუსტად მაშინ გახდება ცნობილი.
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები როდის ჩატარდება?
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები 2012 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.
რუსუდან ჭუმბურიძე









