ფეხბურთი

20:34 | 23.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ზუგდიდი“ თასის მერვედფინალისთვის ემზადება

თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა ს.კ. „ზუგდიდმა“, ორდღიანი ტაიმაუტის შემდეგ, საკუთარ მინდორზე პირველად ივარჯიშა. ანთალიაში დაშავებული ზუგდიდელთა ფორვარდი, ირაკლი ქობალია კვლავ უვარჯიშებელია და სამედიცინო შემოწმებას გადის. ტრავმის გამო, დღევანდელი საწვრთნელი პროცესი ლაშა კუკავამ და ვაკო ტყემალაძემაც გამოტოვეს, ხოლო შეკრების ბოლო დღეს დაზიანებულმა ლევან წურწუმიამ გუნდთან ერთად, დღეს მთელი დატვირთვით ივარჯიშა. ზუგდიდელთა დამრიგებელმა ელგუჯა ქომეთიანმა, მცირეოდენი მოთელვების შემდეგ, ფეხბურთელები ძირითადად ტაქტიკაზე ამუშავა. სამ დღეში კი ზუგდიდელები, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველ მერვედფინალში ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ ითამაშებენ. თურქეთში გავლილ შეკრებასა და მომავალ სათასო შეხვედრას, ზუგდიდის მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი ასე აფასებს:
„თურქულ შეკრებას დადებითად ვაფასებ, რადგან მთლიანობაში საწვრთნელი პროცესი ნაყოფიერი გამოგვივიდა. ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის, რომ პირველ სათასო შეხვედრაში ვერ დაგვეხმარებიან გუნდის ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ქობალია, ასევე შემტევი ლაშა კუკავა და სათუოა ვაკო ტყემალაძის თამაშიც, რაც დიდი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის. ანთალიადან დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელები ორი დღით დავასვენეთ და დღეს ისევ შევიკრიბეთ. ზამთრის პერიოდში საკმაოდ გაძლიერდნენ ბოლნისელები და ბუნებრივია, რთული თამაში გვექნება „სიონთან“ , მაგრამ სათასო შეხვედრისთვის მაქსიმალურად ვემზადებით და ჩვენი მიზანია მომდევნო ეტაპზე გასვლა. ეს თამაში კიდევ ერთი ტესტი იქნება იმისა, თუ რამდენად მზად ვართ ოფიციალური შეხვედრებისთვის. იცით, რომ ჩემპიონატის პირველ მატჩს გასვლაზე ვთამაშობთ თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ და ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ რამდენად რთულ მეტოქესთან გვიწევს პირველი მატჩი“.


ზუგდიდმა კი ასეთი შემადგენლობით ივარჯიშა:
მეკარეები: ძაგანია, მაქაცარია
მცველები: აფაქიძე, აკობია, ონიანი, გამეზარდაშვილი, კანკია, ქვარცხავა, გამრეკლიძე, აქუბარდია
ნახევარმცველები: სიხარულია, გუგუჩია, ხუბუა, შ. ლომია, ნ.შონია, წურწუმია, ფარჯიკია, ქანთარია
თავდამსხმელები: გაბედავა, ეხვაია, ბულია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136183