ფეხბურთი

0:25 | 7.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

”ზესტაფონს” დღეს ”სტიაუა” ელის, 17 ივლისს კი – ავი ავრამი

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უეფას ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობისათვის მზადებას განაგრძობს. გუშინწინ, დილის ვარჯიშის შემდეგ, ზემოიმერლები ზალცბურგში გაემგზავრნენ და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მშობლიური ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს, გუშინ კი გუნდმა ორჯერ ივარჯიშა. აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად იმყოფება და ვარჯიშობს 21 წლის მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომელსაც ზესტაფონელთა რიგებში 2008-2010 წლებში უასპარეზია.
დღეს, მარგველები ალპური შეკრების მორიგ სპარინგ-მატჩს გამართავენ. საქართველოს ჩემპიონი რუმინული ფეხბურთის უტიტულოვანეს გუნდს, ბუქარესტის ”სტიაუას” დაბა უტენდორფში დაუპირისპირდება. მატჩი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) დაიწყება და ერთ-ერთი რუმინული ტელეკომპანიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ამასობაში, უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ”ნეფტჩი”-”ზესტაფონის” პირველ მატჩს რუმინული ბრიგადა განსჯის, მთავარი მსაჯი კი ქართველთათვის ავადსახსენებელი მარიუშ ავრამი იქნება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი აზერბაიჯანის დედაქალაქის სტადიონ ”დალღა-არენაზე” 17 ივლისს შედგება, ავრამის ვინაობის შეხსენება კი ქართველ ქომაგს ნამდვილად არ უნდა სჭირდებოდეს. სწორედ რუმინელი გახლდათ მიმდინარე წლის 13 მაისს გამართული ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ჰოლანდია-საქართველოს ნახევარფინალური მატჩის მსაჯი, რომელშიც ქართველები დასაწყისშივე ათი ფეხბურთელის ამარა დატოვა და თამაშის ბედის გადაწყვეტაში ლომის წვლილი დაიდო.
უნდა ითქვას, რომ, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, 32 წლის რუმინელ რეფერის ევროპაში მუშაობის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. მთავარი არბიტრის რანგში, მარიუშ ავრამს უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდების მატჩებზეც უმუშავია და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თამაშებზეც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095372