2014 წლის 7 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” რიგით მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ამჯერად ზემოიმერელთა მეტოქე ჩეხეთის "გამბრინუს-ლიგის" წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი ”პრშიბრამი” გახლდათ. მატჩი გია გეგუჩაძის შეგირდთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ჩეხური კლუბი, რომელსაც ადგილობრივი სპეციალისტი პეტრ ჩუჰელი წვრთნის, თავის ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატში მეთოთხმეტე პოზიციაზე იმყოფება. საინტერესოა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში "პრშიბრამი" პრაღის "დუკლასთან" იყო გაერთიანებული და ჩეხეთის პირველობაზე სწორედ ამ სახელწოდებით ასპარეზობდა. გუნდის უდიდესი წარმატება 1997 წელს უკავშირდება - "დუკლას" სახელით მოასპარეზე პრშიბრამელებმა კლუბის ისტორიაში პირველად თავის ქვეყნის თასის ფინალში იასპარეზეს. დღესდღეობით გუნდში რამდენიმე ლეგიონერი ასპარეზობს, მიმდინარე შეკრებაზე კი გუნდს სომხეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ლევონ ჰაირაპეტიანი შეუერთდა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა ქართველთა უპირატესობით წარიმართა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე გავიდა - შარიქაძის გადაცემის შემდეგ გუნდის ახალწვეულმა რევაზ გეწაძემ გამოიჩინა თავი. ზესტაფონელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, განსაკუთრებით ახლოს იყვნენ მიზანთან საბანაძე და სარდალიშვილი, თუმცა პირველ ეპიზოდში ჩეხმა მცველებმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანეს, ხოლო სარდალიშვილს მეკარის მოტყუების შემდეგ მიზანმა უმტყუნა.
თურქულ შეკრებაზე მორიგ ამხანაგურ მატჩს ზესტაფონელები 10 თებერვალს სერბული "დონიი სრემის" წინააღმდეგ გამართავენ.
”ზესტაფონი” - ”პრშიბრამი” (პრშიბრამი, ჩეხეთი) 1-0
გოლი: გეწაძე (12)
"ზესტაფონი": პავლოვიჩი, ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), ფერეირა (თედორე გრიგალაშვილი, 46), ჭელიძე (ენდელაძე, 63), გურული (გაგოშიძე, 72), შარიქაძე (აჯურუ, 46), ჭანტურიშვილი (კაკუშაძე, 72), გეწაძე (სარდალიშვილი, 46), კუხიანიძე (ჭანკოტაძე, 63), ტატანაშვილი (კაპანაძე, 63), ფანცულაია (საბანაძე, 46).
fczestafoni.ge







