ფეხბურთი

14:45 | 25.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონი”-“შტურმის” ბილეთები “ეროვნულის” სალაროებში გაიყიდება

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 26 ივლისს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ბილეთების გაყიდვა სტადიონის ორ სალაროში დღეს 15 საათიდან დაიწყება. ს/კ “ზესტაფონის” პრესატაშის, სერგო ფუტკარაძის თქმით, სამშაბათს დილის 11 საათიდან “ეროვნულის” უკვე ყველა სალაროში დაიწყება “ზესტაფონისა” და “შტურმის” მატჩის ბილეთების გაყიდვა.

მოგეხსენებათ, ეროვნულ სტადიონზე 54 ათასი ინდივიდუალური ადგილია. როგორც იმერულ კლუბში “მსოფლიო სპორტს” განუცხადეს, გაყიდვაში მხოლოდ 5 და 10-ლარიანი ბილეთები იქნება. მათგან საკმაოდ მცირე ნაწილი მოდის 10 ლარის ღირებულების ბილეთებზე (დასავლეთ ტრიბუნის ქვედა იარუსები).
მატჩისწინა ვარჯიშებისა და პრესკონფერენციების განრიგი ასეთია: ეროვნული სტადიონის საკონფერენციო დარბაზში დღეს, 18:30 საათზე პრესკონფერენციას ავსტრიული “შტურმის” გერმანელი თავკაცი ფრანკო ფოდა გამართავს. გრაცელების ტრადიციული ვარჯიში კი 19:00-ზე დაიწყება. რაც შეეხება ქართველთა თავკაცის, გია გეგუჩაძის ჟურნალისტებთან გასაუბრებას, ეს პრესკონფერენცია 18:45 საათზე დაიწყება, “ზესტაფონის” ვარჯიშის დაწყების დრო 20:15 საათია.
აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩის დაწყების დრო 26 ივლისის საღამოს 8 საათია. შეხვედრის ქართველი მაყურებლებისთვის ტრანსლირებას რაც შეეხება, ამ საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მოლაპარაკებას მართავს საშუამავლო მედიაკომპანია “სპორტ ფაივ”-თან. იმერული კლუბისგან სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ შეიძინა ქართველი და ავსტრიელი ჩემპიონების ორივე დაპირისპირების შიდა და გარე ბაზარზე ტრანსლირების უფლება.
 
 
ფრიდონ კერვალიშვილი
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.210957