ფეხბურთი

17:24 | 10.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონი": "ფედერაცია ჩვენს ახალწვეულებს ევროტურნირის მატჩამდე 1 კვირით ადრე არ არეგისტრირებს"

მომდევნო ხუთშაბათს "ზესტაფონს" პირველი მატჩი ელის სლოვაკურ ტრნავას "სპარტაკთან". ეს ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაა, ხოლო ხვალ უეფაში კლუბმა ფეხბურთელთა განაცხადი უნდა გაგზავნოს. ამ დროს კი, "ზესტაფონს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უარი უთხრა ახალწვეულების რეგისტრაციაზე... ნიკა გელაშვილი, ჯაბა დვალი, ლაშა გვალია და ბექა ტუღუში სადღეისოდ განაცხადში ვერ არიან მოხვედრილნი, რადგან ფედერაცია ნებას არ რთავს.

მიზეზი? "ზესტაფონი" ფედერაციის არბიტრაჟს არ აღიარებს.

ფეხბურთელთა კონტრაქტის გაფორმებისას ერთ-ერთ პუნქტში იწერება, რომ დავის არსებობის (მაგალითად, ხელფასის დაგვიანება-გადაუხდელობა) შემთხვევაში საქმე განიხილება არბიტრაჟში, ოღონდ რომელ არბიტრაჟში? "ზესტაფონი" ფედერაციის არბიტრაჟს არ აღიარებს და საჭიროების შემთხვევაში უნდა, რომ ნეიტრალურ არბიტრაჟს მიმართოს, ხოლო ფედერაციამ ულტიმატუმი წამოუყენა კლუბს – კონტრაქტში ჩვენს არბიტრაჟს თუ არ მიუთითებთ, არ დავარეგისტრირებთო. ეს კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძის ინფორმაციაა, რომელიც "მსოფლიო სპორტს" მიეწოდა.

ფედერაციის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, "ზესტაფონს" აქვს დავალიანებები ყოფილ ფეხბურთელებთან, ამის გამო არბიტრაჟმა კლუბს დაავალა კიდეც თანხის გადახდა რამდენიმე მოთამაშისთვის. თუმცა "ზესტაფონი" არ სცნობს ამ არბიტრაჟს და მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. თავის მხრივ, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია კლუბის მიერ შეტანილი მოთხოვნა და სარჩელის განხილვამდე,  დაავალდებულა ფედერაცია დაარეგისტრიროს "ზესტაფონი" 4 წამყვანი ფეხბურთელი, რათა გუნდი ევროტურნირებზე მათ  გარეშე არ  დარჩეს.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ფუტკარაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “სამწუხაროა, რომ ფეხბურთის ფედერაცია, ესოდენ საპასუხისმგებლო მომენტში, კლუბს მსგავსი მეთოდებით ებრძვის. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ფედერაციის მესვეურებს საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” და ზოგადად, ქართული საკლუბო ფეხბურთის წინააღმდეგ ერთგვარი “ჯიჰადი” აქვთ გამოცხადებული”

უპრიანია, რომ ფედერაციამ კლუბს ხელი არ შეუშალოს მნიშვნელოვანი მატჩების წინ, თუმცა სხვა ფაქტს ვხედავთ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს გაუგებრობა, დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს...   

0.154102