გულშემატკივრის სვეტი

14:37 | 16.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზეპის სიზმარი

ეს რა უცნაური ხალხია, რომელიღაც ძველი ქალაქის ცენტრში რომ შეყრილან და ხუთჯვრიან თეთრ დროშებს აფრიალებენ... დროშის ფრიალის მეტი რა მინახავს. მთელი ჩემი ცხოვრება სულ დროშებისა და ფანების ცქერაში გავატარე, მაგრამ ეს ხალხი რომ არ მეცნობა? გვარიანად შავ-შავები კი არიან, მაგრამ არც ესპანელები ჩანან და არც პორტუგალიელები. ვიტყოდი, იტალიელები არიანო, მაგრამ აბა, სად ჩანს იმათი სამფეროვანი დროშა? აშკარაა, რომ რაღაც დიდსა და მნიშვნელოვანს ზეიმობენ და ეს ყველაფერი ნამდვილად ფეხბურთს უნდა უკავშირდებოდეს, რადგან უმეტესობას სახეები თეთრ-წითლად აქვთ შეღებილი და ტანზეც საფეხბურთო მაისურები აცვიათ. მაგრამ ფეხბურთს თუ უკავშირდება, აქამდე მე როგორ არ ვიცოდი?
იმ ხანჯლიან მოხუცს შეხედეთ, პლაკატი რომ დაუჭერია ხელში... ინგლისურად აწერია რაღაც პლაკატზე. რაო? “მადლობა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება რომ მოგვეციო“... რა მასპინძლობის უფლება, რუსები ესენი არ არიან და ყატარელები და რა მასპინძლობა უხარიათ, კაცი ვერ გაიგებს. მაგრამ, აშკარაა, რომ უხარიათ და თან კიდეც ზეიმობენ კაცო!
ახალგაზრდა ბიჭებს ქალაქის ცენტრში რაღაც უცნაური ცეკვა გაუჩაღებიათ. მხრებზე უდევთ ერთმანეთის ხელები, წრე აქვთ გაკეთებული და კისერზე კიდევ მათსავით წრის გამკეთებელი ბიჭები ასხედან. ცეკვა კი არა, რაღაც შამანურ-რელიგიური რიტუალი სრულდება მგონი... სახლების ძველსა და მიღრეცილ-მოღრეცილ აივნებზე ხალხია გადმომდგარი. ზოგი დროშას აფრიალებს, ზოგს ძროხის რქის ფორმის დაგრეხილი სასმისები უჭირავს ხელში. სასმისიან ხელს იქნევენ და თან რაღაცას ყვირიან მთელი ხმით. “გაანჯოსო“ თუ ეგეთ რამეს... რა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა, რის ზეიმი? სულ ახლახანს არ იყო, გადაწყვეტილება რომ მივიღეთ და მასპინძლებად ჯერ რუსეთი და მერე ყატარი გამოვაცხადეთ? ეს ხალხი ვინ არის და ვის დაკარგვია?
ქალაქიც რა უცნაურია, ჩემმა მზემ... ქუჩებში მსუბუქ მანქანებზე მეტი სამარშრუტო ტაქსები დადის. ყოველ ფეხის ნაბიჯზე სულ სხვადასხვაგვარი ეკლესიები დგას და ხალხს ტანსაცმელიც უცნაური აცვია. ჩვეულებრივ სამოსში გამოწყობილი ხალხიც ბევრია, მაგრამ ზოგიერთებს (მათ შორის, წრეზე რომ ცეკვავენ მათაც) რაღაცნაირი, ტანზე შემოჭერილი ხალათები აცვიათ. მკერდის ადგილზე კამფეტებივით აქვთ რაღაც მრგვალი რკინები ჩამწკრივებული და მუხლამდე გრძელი ხანჯალი დასთრევთ. ახლა ქალებს აღარ იკითხავთ? იმათაც რაღაცნაირი, აჯღა-ბუჯღა ტანსაცმელი აცვიათ. ორ გოგოს, იტალიური მანდოლინას მსგავსი საკრავი დაუჭერია და როგორც ჩანს, მხიარულ სიმღერას მღერიან. რამდენიც გინდა იფშვნიტე თვალები. რასაც ვუყურებ მართალია და ნაღდი...
 უცბად, მთელი ეს, ქუჩაში გამოსული ხალხი საშინელ ხმაზე აყვირდა და ტაშის დაკვრას მოჰყვა. ხალხის მასა გაიპო და გამოჩნდა მომავალი დიდი ავტობუსი, რომლის ორივე მხარეს, დაუჯერებელია და ჩემი უზარმაზარი პლაკატები ეკიდა ფრანგულენოვანი წარწერით: “დიდი მადლობა თანადგომისათვის! ქართველები ამას არ დაგივიწყებთ!“. ავტობუსს უკან საფეხბურთო ამუნიციაში გამოწყობილი ბიჭები მოჰყვებოდნენ. ავტობუსის სახურავზე შემჯდარი კაცი სათითაოდ აცხადებდა მიმავალი ფეხბურთელების გვარებს და ყოველი გვარის გამოცხადებას ტაში და სიმღერა სდევდა თან. ფეხბურთელებს ლურჯ-ნარინჯისფერ სამოსელში გამოწყობილი ბავშვები მოჰყვებოდნენ დროშებითა და ფეხბურთელების პლაკატებით. ერთი-ორგან კიდევ მოვკარი თვალი პლაკატებს ჩემი გამოსახულებით. “ღმერთო შენ მიშველე. რატომ ვერ ვხვდები, სად ვარ, რატომ ვარ და ვინ არის ეს უცნაური ხალხი. ან მე რა შუაში ვარ ბოლოს და ბოლოს...“ ვფიქრობ გულში და ნერვიულად ვისვამ ხელს მელოტ თავზე და ამ დროს, ყურში ქალის – როგორც მივხვდი, ჩემი ცოლის შორეული სიტყვები ჩამესმა: “ზეპ, რა მოგივიდა, გაიღვიძე კაცო, რა საშინელ რაღაცეებს ყვირი...“
ზეპ ბლატერმა თვალები მოიფშვნიტა და შვებით ამოისუნთქა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და მეტი არაფერი. ცივი ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი გადაისვა და  ჩაილაპარაკა: “სულ ორიოდე ჭიქა, მეტი არ დამილევია. ყველაფერი, ალბათ, იმ კავკასიური წითელი ღვინის ბრალია, ლოზანაში ერთმა ულვაშებიანმა კაცმა რომ მაჩუქა და თან დამაყვედრა, რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვისთვის მხარი რომ არ დაგეჭირა, სხვა კარგ ღვინოებსაც გაგასინჯებდიო“...

 

ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092401