საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა საჭადრაკო ოლიმპიადაზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და ბოლო, მეათე ტურის წინ 26 გუნდს შორის 18.5 ქულით მეთერთმეტე ადგილამდე დაქვეითდა. საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ირაკლი ბერაძე (2294), შალვა ნადირაშვილი (2035), გუგა ბურდული (1898) და ნინო ხომერიკი (1903) იცავენ, მეექვსე ტურში რუსეთთან წააგო, შემდეგ კი აზერბაიჯანთან (1.5:2.5), მალაიზიასთან (1.5:2.5) და ირანთანაც (0.5:3.5) წარუმატებლად ითამაშა.
თურქეთის ქალაქ ქოჯაელში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბოლო ტური 31 ოქტომბერს შედგება, ქართველი მოჭადრაკეები კი სირიას გაეჯიბრებიან. ამ დროისთვის ერთპიროვნული ლიდერი რუსეთის ნაკრებია, რომელსაც ცხრიდან რვა შეხვედრა აქვს მოგებული.







