კალათბურთი

10:29 | 7.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას პირველი სასტარტო და თითქმის სამმაგი დუბლი – 14 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი

მიმდინარე სეზონში ზაზა ფაჩულია “მილუოკი ბაქსის” სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა და გუნდის გამარჯვებაში ამჯერადაც დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა ცენტრმა “კლივლენდ კავალიერსთან” მოგებულ (109:104) შეხვედრაში მოედანზე 40:55 წუთი გაატარა და ეს ორივე გუნდის რიგებში ყველაზე დიდი მაჩვენებელი გახლდათ.

ზაზა ძირითად შემადგენლობაში მას შემდეგ მოხვდა, რაც ლარი სანდერსის ტრავმის შესახებ გახდა ცნობილი. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მილუოკელთა ახალგაზრდა ცენტრს, რომელსაც არცთუ მშვიდი ხასიათი აქვს, ერთ-ერთ ბარში ჩხუბის წამოწყება ბრალდება (თვითმხილველთა თქმით, მოქიშპეებს თავზე შამპანურის ბოთლები ამტვრია) და თუკი ეს ფაქტი დადასტურდა, ვინძლო კიდევ არაერთი მატჩის გამოტოვება მოუწია.

სანდერსის გარდა, “ბაქსმა” ვერც სხვა ტრავმირებულები ბრენდონ ნაიტი, ერსან ილიასოვა და ლუკ რიდნური დაიხმარა, ამ ფონზე კი, იმ 8 კალათბურთელზე, რომელიც მასპინძელთა თავკაცმა ლარი დრიუმ თამაშისას დაასაქმა და მათ შორის ფაჩულიაზეც, დიდი დატვირთა მოვიდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა საკუთარ ფუნქციებს თავი ჩინებულად გაართვა. მართალია, ზაზა თამაშიდან არცთუ ხშირად უტევდა (4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო), თუმცა, კვლავაც შეუდარებელი გახლდათ საჯარიმოების შესრულებისას.

საბოლოოდ, ფაჩულიამ 10-ვე საჯარიმო გამოიყენა (ეს ამ სეზონში უკვე მეორედ მოხდა) და სეზონის განმავლობაში მიყოლებით ჩაგდებული 21 საჯარიმო მოუგროვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მატჩის შემდეგ, ქართველმა შემდეგი განაცხადა: “საჯარიმო ყველაზე იოლი შესასრულებელია. ამ დროს ხომ ხელს არავინ გიშლის. მხოლოდ შენ, ბურთი და კალათი ხართ...”.

ქართველმა კალათბურთელმა 14 ქულას 9 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე) და 7 პასიც წაამატა და მოკლედ, რომ ვთქვათ, ლამის სამმაგ დუბლზე “გაიწია”. აღსანიშნავია ისიც, რომ ზაზამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მხოლოდ 2 პერსონალური ფოლი მიიღო და 3 შეცდომა დაუშვა, რაც ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არაა.

უშუალოდ თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე სი ჯეი მაილსის ზუსტი შეტევის წყალობით, წინ ჯერაც კლივლენდელები იყვნენ (104:103), თუმცა კერონ ბატლერის ორქულიანს ო ჯეი მაიომ ზედიზედ 4 საჯარიმო მიაყოლა და “კავალიერსმაც” მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სწორედ მაიო გახდა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, სტუმართაგან კი 29 ქულით კაირი ირვინგი გამოირჩა. “ბაქსის” მხრიდან აღსანიშნავია გარი ნილის კარგი ასპარეზობაც. მან 5-დან 4 სამქულიანი გამოიყენა და საბოლოოდ, თავი 23 ქულას მოუყარა.

მილუოკელებმა 2 მარცხის წილ მე-2 გამარჯვება იზეიმეს და აღმოსავლეთ დივიზიონის ცენტრალურ დივიზიონში მე-3 ადგილზე იმყოფებიან. “ბაქსს” მომდევნო მატჩი ისევ მშობლიურ “ჰარის ბრედლი სენთერში” ელის. 10 ნოემბრის დილას ფაჩულია და მისი თანაგუნდელები “დალას მავერიქსს” მიიღებენ.

და ერთიც. ამ დროისთვის ზაზას საშუალო საამსეზონო მონაგარი 13.0 ქულა, 7.7 მოხსნა და 2.3 პასია, რაც მისი ოკეანისგაღმური კარიერის განმავლობაში (2003 წლიდან მოყოლებული) საუკეთესო მაჩვენებელია.

 

მილუოკი – კლივლენდი 109:104 (30:23, 25:30, 28:26, 26:25)

მილუოკი: ბატლერი (30 წ. 10 ქ. 4 მ.), ჰენსონი (39 წ. 14 ქ. 9 მ. 3 პ.), ფაჩულია (41 წ. 14 ქ. 9 მ. 7 პ.), მაიო (33 წ. 28 ქ. 3 პ.), ვოლტერსი (33 წ. 9 ქ. 8 მ. 6 პ.); უდო (13 წ. 4 ქ. 5 მ.), ნილი (31 წ. 23 ქ. 4 პ.), მიდლტონი (20 წ. 7 ქ. 3 მ.).

კლივლენდი: კლარკი (13 წ. 3 ქ.), ტომპსონი (35 წ. 5 ქ. 7 მ.), ვარეჟაო (33 წ. 12 ქ. 8 მ. 3 პ. 3 ჩ.), უეიტერსი (30 წ. 21 ქ. 3 მ. 3 პ.), ირვინგი (35 წ. 29 ქ. 5 მ. 8 პ.), მაილსი (24 წ. 14 ქ. 3 მ.), ჯი (23 წ. 7 ქ. 4 მ.), ჯეკი (19 წ. 6 ქ.), ბენეტი (12 წ. 3 ქ. 3 მ.), ბაინუმი (14 წ. 4 ქ. 4 მ.), ზელერი (2 წ.).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109348