კალათბურთი

14:46 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “ოლ სტარის” შემდეგ უნდა მოვმძლავრდეთ”

როგორც უკვე ვიუწყებოდით, “მილუოკი ბაქსის” ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო მინიმუმ ოთხ კვირას გამოტოვებს, რაც ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი გუნდისთვის დამატებითი თავისტკივილია. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, თავად ფაჩულია მომავალს იმედიანად უყურებს.

“იმედი მაქვს, რომ “ოლ სტარის” კვირეულის წინ მოედანზე დაბრუნებას შევძლებ, მცირე შესვენების შემდეგ კი, ყველა ტრავმირებული მწყობრში უნდა იყოს, რაც ამოსუნთქვის და სეზონის ღირსეულად დაბრუნების საშუალებას მოგვცემს. თანაც, ჩვენი მიზანი ერთი სეზონის გუნდის მშენებლობა ხომ არაა. ეს პროცესია და სამომავლო შედეგებზეც უნდა ვიფიქროთ”.

მიმდინარე სეზონში ქართველმა კალათბურთელმა 17 მატჩი ჩაატარა და აქედან 11-ში სასტარტო ხუთეულში გახლდათ. ზაზას საშუალო მონაგარი 6.9 ქულა და 6.5 მოხსნაა, ზუსტად შესრულებული საჯარიმოების მიხედვით კი, იგი მთელს ლიგაში მე-4 ადგილზეა: 45-დან 42 ზუსტი ტყორცნა, რაც 93.3%-ს შეადგენს.

იმ ფონზე, როდესაც ლარი სანდერსის ტრავმას ფაჩულიას არყოფნაც ემატება, ცხადია, რომ “ბაქსის” რიგებში კიდევ უფრო დაიტვირთება ძირითად ცენტრად ქცეული ჯონ ჰენსონი, ახალბედა მიროსლავ რადულიცას კი სათამაშო წუთები მოემატება.

ფაჩულია განსაკუთრებით ხაზს ჰენსონის გარჯას უსვამს, რომელიც 28 დეკემბერს მხოლოდ 23 წლის ხდება და წესით, ნბა-ში ნათელი მომავალი უნდა ჰქონდეს.

“იგი უდავოდ იზრდება. საკუთარი თავის სჯერა და ამავდროულად, ძალიან შრომისმოყვარეა. ჰენსონი ერთ-ერთ იმ მოთამაშეთაგანია, რომლის გვერდით გარჯაც ძალიან სასიამოვნოა. მას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს”.

“მილუოკის” მომავალი მატჩი ხვალ დილით ჩიკაგოში ელის და უკვე ცხადია, რომ ძალიან გაუჭირდება. ფაჩულიას და სანდერსის გარდა, “ბაქსის” მთავარი მწვრთნელი ლარი დრიუ ვერც კერონ ბატლერს და გარი ნილს დაიხმარს, რომელთაც ასევე ტრავმები აწუხებთ.

0.16621