ფეხბურთი

17:19 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაქარია ბეგლარიშვილი: “საქართველოს ჩემპიონატის დონე ესტონეთისას ჰგავს”

ტალინის “ფლორას” შემტევმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომელიც 30 აპრილს 24 წლის გახდა, კლუბის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კვლავ ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მოგებას გეგმავს.   

- ესტონეთში როგორ მოხვდით?

- პირველად 2009 წელს ჩამოვედი. საქართველოში მცხოვრებმა ერთ-ერთმა კარგმა ადამიანმა დამირეკა და “ფლორაში” გადასვლა შემომთავაზა. როდესაც შევიტყვე, რომ “ფლორა” ქვეყნის ტოპ-კლუბია ბევრი არ მიფიქრია და მაშინვე ვუთხარი, რომ ძალების მოსინჯვა  მსურდა.

- “ფლორა” თქვენთვის პირველი საზღვარგარეთული კლუბია?

- მანამდე, “აიაქსის” 19-წლამდელთა გუნდში ვთამაშობდი. იქ 2007 და 2008 წელს ვიმყოფებოდი. მხოლოდ ვვარჯიშობდი და ამხანაგურ მატჩებს ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი არ მქონდა, დიდი გამოცდილება მივიღე. ისეთი ხალხის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობდი, როგორიც ფრანკ დე ბური, მიქაელ რაიციგერი, დენის ბერგკამპია და ა.შ. იმ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე.  

- თქვენი აზრით, საქართველოში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ესტონეთის ლიგის პირველი სამეულის გუნდებში უპრობლემოდ მოხვდებიან? ესტონეთის ჩემპიონატში ქართველებს ხშირად ვერ ნახავ...

- საქართველოში ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც ესტონეთის ლიგაში თამაში ახლავე შეუძლიათ. საუბარია, 19-21 წლის მოთამაშეებზე.

- “ფლორა” და საქართველოს ტოპ-კლუბები ერთმანეთს რით გვანან და რა განსხვავებაა?

- საქართველოს ჩემპიონატის დონე ესტონეთისას ჰგავს. საქართველოში სამი-ოთხი მაღალი დონის კლუბია, როგორც ესტონეთში “ფლორა”, “ლევადია”, “კალიუ”. დანარჩენი გუნდები უფრო სუსტია. ჩემი აზრით, ორივე ჩემპიონატი ერთი და იმავე დონისაა.

- “ფლორაში” გატარებული პირველი სეზონის მერე საქართველოში დაბრუნდით, ხოლო მერე კვლავ ესტონეთს მიაშურეთ. ამ ხნის განმავლობაში რა მოხდა?

- პირველი სეზონის მერე, პირადი პრობლემები მქონდა და საქართველოში დავბრუნდი. იქ ყველაფერი ისე არ აეწყო როგორც მსურდა. ამიტომ, კვლავ ესტონეთში ჩამოსვლა გადავწყვიტე. წარსულს თუ გადავხედავ, საქართველოში დაბრუნება ყველაზე კარგი ნაბიჯი არ იყო. მადლობა ღმერთს, ახლა ყველაფერი საუცხოოდაა და რაც შეიძლება ხშირად თამაში მსურს. დღესდღეობით, მხოლოდ “ფლორასთან” ერთად ჩემპიონობაზე ვფიქრობ და დანარჩენი მერე გამოჩნდება.  

- ესტონეთში დარჩებით თუ სამშობლოში დაბრუნებას გეგმავთ?

- საქართველოში ყოფნისას ვფიქრობდი, რომ სახლში დავრჩენილიყავი. ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა, გოგონა შემეძინა. თუმცა, საქართველოში ჩანაფიქრი არ გამომივიდა და “ფლორას” პრეზიდენტს დავურეკე, რომელთან ყველაფერზე შევთანხმდი. ძალიან გახარებული ვარ. როგორც კი გაირკვა, რომ ესტონეთში სათამაშოდ ვბრუნდებოდი, კლუბი საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში და ოჯახის ჩამოყვანაში დამეხმარა. ჩემს ცოლს ესტონეთი და ტალინი ძალიან მოსწონს.  

- თანაგუნდელებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ძალიან კარგი. ჩვენ ერთად ვართ, როგორც თამაშამდე, ასევე, თამაშის მერე. ერთად ვისვენებეთ და ოჯახებით ვურთიერთობთ. 

- როგორც “ფლორას” საკლუბო ტელევიზიის ჩანაწერებიდან სჩანს, ესტონური ენის ცოდნას აუმჯობესებთ...

- დიახ, დამოუკიდებლად ვსწავლობ. ვუსმენ სხვები რას საუბრობენ და იგივეს ვიმეორებ. ვცდილობ ესტონურ ენაზე ვისაუბრო. იგივე, მაღაზიაში გამყიდველებს ესტონურად ველაპარაკები.

- სეზონის ბოლოს “ფლორა” რომელ ადგილზე იქნება?

- მხოლოდ პირველზე. ჩვენ შეგვიძლია კვლავ ჩემპიონები გავხდეთ. ესტონეთში ჩემპიონობა ერთხელ უკვე მოვიპოვე და ამის გამეორება საუცხოო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124847