საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ავსტრიელი მწვრთნელი პიტერ ზაიზენბახერი ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელ შემადგენლობას ხვალ, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის აკადემიაში, საგანგებო პრესკონფერენციაზე დაასახელებს. მეორე კვირაა, ნაკრების 40-მდე კანდიდატი დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადის ევროპირველობისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას. დღეს მწვრთნელებმა გადამწყვეტი საკონტროლო შეხვედრები ჩაატარეს და სწორედ მათი შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ევროტატამზე გამსვლელთა განაცხადი. ამ ეტაპზე მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ ზაიზენბახერმა წინასწარი გეგმა შეცვალა და ჩემპიონატზე შვიდივე წონით კატეგორიაში ორ-ორი შეგირდის დაყენებას გეგმავს.
საკონტროლო ორთაბრძოლებზე დასასწრებად დუშეთს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები ესტუმრნენ. ლადო ვარძელაშვილმა და გია ნაცვლიშვილმა განაცხადეს, რომ იმ პროგრამის მიხედვით, რომლითაც ნაკრები აგვისტოში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, ევროპირველობისთვის სპორტსმენები ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნებიან, მაგრამ გუნდის წარმატების მაინც ეიმედებათ.
ევროპის ჩემპიონატს 21-24 აპრილს სტამბოლი უმასპინძლებს. პირველი სამი დღე ინდივიდუალურ პირველობას დაეთმობა, ბოლო დღეს კი მედლები გუნდურ ჩათვლაში გათამაშდება. ქართული დელეგაცია თურქეთში 20 აპრილს, გამთენიისას გაემგზავრება.
ოთარ მაღლაკელიძე







