ქართული ჰოკეის(ადრე ბალახის ჰოკეით მოიხსენიებდნენ) თავისი, არცთუ მცირევადიანი ისტორია გააჩნია. ეს სახეობა ჩვენში პირველად ქუთაისში, გასული საუკუნის 70-იან წლებში დაინერგა და თანდათან სხვა რეგიონებშიც დაიწყო განვითარება. თავის დროზე, ქუთაისის და თბილისის გუნდები საკავშირო პირველ ლიგაშიც ასპარეზობდნენ, საკავშირო ზონალურ ტურნირებში თამაშობდნენ ლანჩხუთელი ჰოკეისტები.
ჰოკეის ფედერაცია 1988 წელს, ქუთაისში დაფუძნდა და მას შემდეგ, უკიდურესი სიძნელეების მიუხედავად, საქმიანობას განაგრძობს. სისტემატურად ტარდება ეროვნული ჩემპიონატები, თამაშდება საქართველოს თასი, ქართველი ჰოკეისტები მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში. საერთაშორისო სარბიელზე არიან წარმოდგენილნი საქართველის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდებიც.
სხვა ფედერაციების მსგავსად, მუშაობაში პლიუს-მინუსები ჰოკეის ფედერაციასაც გააჩნია. სწორედ ამაზე იყო საუბარი 9 მარტს, საზოგადოება ,,ქუთაისელის“ სააქტო დარბაზში გამართულ ფედერაციის ყრილობაზე. 2008-2012 წლებში გაწეული მუშაოების შესახებ მოხსენება, ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ თევდორაძემ გააკეთა. მოხსენების ირგვლივ გამართულ კამათში ჰოკეის რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, ვეტერანი ჰოკეისტები, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
ყრილობამ დამაკმაყოფილებლად შეაფასა ფედერაციის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობა. დასახული იქნა სამომავლო გეგმები და ამოცანები.
საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტად, ყრილობამ ავთანდილ თევდორაძე აირჩია, ვიცე პრეზიდენტებად შალვა ბოლქვაძე და გიგა არჩაია დასახელდნენ, გენერალურ მდივნად კვლავ ბესარიონ ჯანელიძე იმუშავებს.
იუზა კაციტაძე ქუთაისიდან
ავტორის ფოტო







