ფეხბურთი

20:13 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას ძელი, ლიპარტიას მოგება

 

ქართველ ლეგიონერთა ამბები გერმანიით დავიწყოთ: ბუნდესლიგაში "ჰერტამ" შინ 3:1 აჯობა "მაინცს", თუმცა ლევან კობიაშვილს არ უთამაშია – სათადარიგო გახლდათ. მართალია, იოს ლუჰუკაი კმაყოფილი დარჩა "კობის" წინა ტურში თამაშით, მაგრამ ამჯერად მაინც არ დააყენა. დედაქალაქური კლუბი მეხუთე ადგილზეა.

II ბუნდესლიგაში, ლევან ყენიას "ფორტუნამ" შინ ვერ მოუგო "ფრანკფურტს" (0:0) და მე-14 ადგილზეა. ყენია სასტარტოში გახლდათ და 81-ე წუთზე შეცვალეს. ყველაზე სახიფათო მომენტიც, სწორედ ლევანმა შექმნა, თუმცა არ გაუმართლა – პირველ ტაიმში ძელს მოარტყა ბურთი.

ლატვიის ჩემპიონატში "ვენტსპილსმა" შინ 3:0 სძლია "იურმალას", თუმცა გამარჯვებულთაგან, თორნიკე თარხნიშვილს არ უთამაშია. "ვენტსპილსი" გაუთანაბრდა თამაზ პერტიას გაწვრთნილ "სკონტოს": 21 ტურის შემდეგ, ეს გუნდები თანალიდერები არიან.

აზერბაიჯანში ბაქოს "ინტერმა" გასვლაზე 1:0 მოუგო "ხაზარს" და 7 ტურის შემდეგ მერვე პოზიციაზეა. კახა ცხადაძემ, ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე შეუცვლელად ათამაშა, ალექსანდრე იაშვილი კი 53-ე წუთზე შეცვალა. გიორგი ლომაია სათადარიგო გახლდათ.

ნიკა გელაშვილის "ყარაბაღმა" გასვლაზე 0:0 ითამაშა "ნეფთჩისთან". ამ ორ გუნდს 15-15 ქულა აქვს და ამდენივე აქვს "გაბალასაც", რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს და შესაბამისად, ლიდერიც ისაა. გელაშვილი "ნეფთჩისთან" სასტარტოში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. 

რუმინეთში გიორგი ალავერდაშვილის "გაზ მეთანმა" გასვლაზე 2:1 სძლია მეორეადგილოსან "პანდურიის" და მეშვიდე პოზიციამდე აინაცვლა. ალავერდაშვილი, რომელმაც ერთი კვირის წინ გააფორმა "გაზ მეთანთან" კონტრაქტი, სათადარიგო გახლდათ.

უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" შინ 2:0 სძლია "ვოლინს" და მერვე საფეხურზეა. ლიპარტია სასტარტოში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. ქართველ ნახევარმცველს გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს სანტიმეტრებით ააცილა კარს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118002