აკაკი ხუბუტიამ პირველი მატჩი ჩაატარა ისრაელის ფეთაჰ-თიკვას "ჰაპოელში". ეს ტოტოს თასზე, რომელიც სეზონის დაწყების წინ იმართება უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებს შორის. ხუბუტიამ ბოლო 30 წუთი ითამაშა იერუსალიმის "ბეითართან", რომელიც მისმა გუნდმა 2:1 მოიგო. ხუბუტიას მინდორზე შესვლისას, სამივე გოლი გასული იყო.
აკაკიმ 5 დღის წინ გააფორმა კონტრაქტი "ჰაპოელთან", სულ 3 დღე ივარჯიშა გუნდთან ერთად და ამიტომაც დაუთმეს მცირე დრო. ქართველი 6 ნომრით ითამაშებს.
"კარგი ატმოსფეროა გუნდში, თბილად დამხვდნენ. ნორმალური დონის გუნდია, საერთოდაც, ისრაელის ჩემპიონატი დაბალი დონის არაა და აქურ კლუბებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არაერთხელ უთამაშიათ. ქალაქიც ლამაზია. ფეთაჰ-თიკვა თელ-ავივიდან 10 წუთის სავალზეა" – უთხრა "მსოფლიო სპორტს" აკაკიმ.







