არგენტინული “ესტუდიანტესი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებასთან ძალზე ახლოს იყო, მაგრამ პედროს მიერ 89-ე წუთზე გატანილმა გოლმა “ბარსელონას” ის შანსი შეუქმნა, რომელიც კატალონიელებმა მესის წყალობით გამოიყენეს. ლა პლატას გუნდის კაპიტანი, ვეტერანი არგენტინელი ნახევარმცველი, ხუან სებასტიან ვერონი, მატჩის დასრულების შემდეგ ფიფას ოფიციალურ საიტს გაესაუბრა.
- როგორ გრძნობთ თავს მატჩის წაგების შემდეგ?
- მიზნის მიღწევასთან ძალზე ახლოს ვიყავით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია: ზოგჯერ გაძლევს შანსს, ზოგჯერ კი გართმევს მას. მაგრამ მაინც კმაყოფილნი უნდა ვიყოთ, რადგან “ბარსელონას” დონის გუნდის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, დამწუხრებულნი ვართ განცდილი მარცხის გამო, მაგრამ “ბარსელონას” მაინც ვულოცავთ გამარჯვებას.
- როგორ შეაფასებთ “ესტუდიანტესის” ასპარეზობას მსოფლიოს საკლუბო მუნდიალზე?
- ძალიან კარგად. ზოგიერთ ეპიზოდებში ვერც კი მიხვდებოდით, თუ რომელ გუნდში თამაშობდნენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები. მეტოქეს თამაშის მშვიდად კონტროლის საშუალება არ ჰქონია. გავბედავ და ვიტყვი, რომ მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო.
- სინანულის გრძნობა ხომ არ გაქვთ?
- არა. ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინეთ, მეტოქეს ჩვენს კართან დიდი რაოდენობით სახიფათო მომენტების შექმნის საშუალება არ მივეცით. ერთადერთი, რაზეც შეიძლება გული დაგვწყდეს, არის ის, რომ მატჩი ოდნავ უფრო ადრე არ დასრულდა.
- რა არ ეყო “ესტუდიანტესს” საბოლოო წარმატების მისაღწევად?
- ერთი წუთი. ჩვენ გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავიღეთ. რთული სეზონის შემდეგ, მსოფლიოს შემადგენლობაზე საკმაოდ დაღლილები ჩამოვედით. რა თქმა უნდა ვაცნობიერებ, რომ “ბარსელონასაც” რთული წელი ჰქონდა, მაგრამ კატალონიელებმა მოახერხეს ცვლილებების ხარჯზე წარმატების მიღწევა.
- უკვე ფიქრობთ მომდენო წელს აქ დაბრუნებაზე?
- ამაზე ამჟამად ფიქრი რთულია. რაც მოხდა მოხდა. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრისთვის კვლავ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად გრძელი გზაა გასავლელი. იმას არ ვამბობ, რომ აქ ვეღარასდროს მოვხვდებით, მაგრამ ამის გაკეთება ძალზე რთული იქნება.
- საბოლოოდ კმაყოფილი ხართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობით?
- ვამაყობ იმით, რომ ამ გუნდში ვირიცხები. “ბარსელონამ” არაერთი ძლიერი გუნდის დამარცხება მოახერხა, ჩვენ კი მას ფინალში პრობლემები შევუქმენით. ვფიქრობ, ტურნირზე წარმატებით გამოვედით.
მიშა ზაქარეიშვილი







