თბილისის სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მიმდინარე ევროპის მე-12 ქალ მოჭადრაკეთა ინდივიდუალური ჩემპიონატის მე-8 ტური დასასრულს უახლოვდება.
გამორჩეულ ინტერესს იწვევდა სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ბელა ხოტენაშვილისა და ლიტველი ვიქტორია ჩმილიტეს შეხვედრა, რომლებსაც 6-6 ქულა ჰქონდათ. უაღრესად დაძაბული პარტია ყაიმით დასრულდა, რის შედეგადაც, ამ მოჭადრაკეებმა ლიდერობა შეინარჩუნეს.
ასევე დიდ ინტერესს იწვევდა მომდევნო ადგილებზე მყოფ მოჭადრაკეთა შეხევდრა, რომელებიც ასევე ყაიმით დასრულდა - 5,5-5,5 ქულის მქონე პია კრამლინგი (შვედეთი) და ლელა ჯავახიშვილი დაზავდნენ.
რაც შეეხება უკრაინელ კატერინა ლაჰნოს, რომელსაც ასევე 5,5 ქულა ჰქონდა, ის 5 ქულის მქონე სლოვენიელ საერთაშორისო დიდოსტატს, ანა მუზიჩუკს დაუზავდა.
დანარჩენი პარტიებიდან, აღსანიშნავია შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქართველი საერთაშორისო დიდოსტატის, ქეთევან არახამია-გრანტის (5) გამარჯვება, რომელმაც სომხეთის წარმომადგენელი ლილიტ გალოიანი დაამარცხა (5).
ყაიმით დასრულდა ნაზი პაიკიძისა (5) და რუსეთის წარმომადგენელ ევგენია ოვოდის შეხვედრა, რომელსაც ასევე 5 ქულა ჰქონდა. 5,5 ქულის მქონე ნინო ბაციაშვილი, 5 ქულის მქონე მარინა რომანკოს დაუზავდა. წარუმატებლად თამაშობს საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე, რომელსაც მე-8 ტურამდე 4 ქულა ჰქონდა. ამჯერად, იგი იტალიის სახელით მოასპარეზე ელინა სედინას (4) დაუზავდა. საქართველოს ჩემპიონი მაია ლომინეიშვილი (4), მის თანამემამულეს, ამდენივე ქულის მქონე მერი არაბიძესთან დამარცხდა.
მე-8 ტური ჯერ არ დასრულებულა.







