ჭადრაკი

18:05 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილის მე-3 გამარჯვება

ტაშკენტში მიმდინარე ქალთა გრან-პრის სერიის მე-3 ტურნირის მე-5 ტური თეთრი ფიგურებით მოთამაშე მოჭადრაკეთა ჰეგემონიით აღინიშნა. თეთრებმა 6 პარტიიდან ხუთი მოიგეს, სასიხარულო კი ის იყო, რომ გამარჯვებულთა რიგებში ტურნირის ერთადერთი ქართველი მონაწილე ბელა ხოტენაშვილიც (2514) გახლდათ.

ბელა ერთ-ერთ აუტსაიდერ გულისხან ნახბაიევასთან (ყაზახეთი, 2307) პარტიაში ფავორიტად მოიაზრებოდა და მოსალოდნელი შედეგიც დააფიქსირა. ხოტენაშვილმა მეტოქე 43-ე სვლაზე დაამარცხა და 3.0 ქულით 12 მონაწილეს შორის მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

ტურნირის სათავეში 4.0-4.0 ქულით ინდოელები ჰამპი კონერუ (2607) და ჰარიკა დრონავალი (2475) იმყოფებიან, ხოლო ჩინელ ქსუე ჟაოს (2579) და უკრაინელ კატერინა ლაჰნოს (2532) 3.5-3.5 ქულა გააჩნიათ.

მე-6 ტურში, რომელიც 24 სექტემბერს შედგება, ხოტენაშვილი შავი ფიგურებით რუს ოლგა გირიას (2439) ეთამაშება, რომელიც 2.0 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ცენტრალური ლიდერების – კონერუს და დრონავალის პარტია იქნება, საინტერესო უნდა იყოს ჩინელთა დაპირისპირებაც – ჟუ (2535) ჟაოს წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ გრან-პრის სერიის გათამაშება 6 ეტაპად ტარდება და მასში მსოფლიოს 18 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი 4 ეტაპზე გამოვა და ყოველი ადგილი შესაბამისი ფულადი პრიზით და  ქულით აღინიშნება.

გრან-პრის ორი ეტაპის ჯამში პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ანა მუზიჩუკი (სლოვენია) – 250 ქულა; 2. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 220; 3. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) – 190; 4. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 170; 5. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 160;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11355