ჭადრაკი

21:51 | 22.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი ზავის გარეშე თამაშობს

ტაშკენტში მიმდინარე ქალთა გრან-პრის სერიის მე-3 ტურნირის 4 ტურის თავზე ქართველ დიდოსტატ ბელა ხოტენაშვილს (2514) 2.0 ქულა გააჩნია და 12 მონაწილეს შორის მე-5 ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ხოტენაშვილის მაჩვენებელი 2 მოგება და ამდენივე მარცხია. მე-4 ტურში ბელა შავი ფიგურებით რუს ალეკსანდრა კოსტენიუკს (2495) დაუპირისპირდა 49-ე სვლაზე მარცხი განიცადა.

ქართველი მოჭადრაკის დარად 2.0 ქულა კიდევ სამ მონაწილეს აქვს, თუმცა, ქართველი მათ დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის. მე-5 ტურში, რომელიც 23 სექტემბერს შედგება, ხოტენაშვილი ერთ-ერთ აუტსაიდერ გულისხან ნახბაიევას (ყაზახეთი, 2307) ეთამაშება, რომლის აქტივშიც 1.0 ქულაა.

ისიც ვთქვათ, რომ ტურნირის სათავეში 3.5 ქულით ინდოელი ჰამპი კონერუ (2607) იმყოფება, მის თანამემამულე ჰარიკა დრონავალის (2475) 3.0 ქულა გააჩნია, მესამე-მეოთხე ადგილებს კი, 2.5-2.5 ქულით ჩინელი ქსუე ჟაო (2579) და უკრაინელი კატერინა ლაჰნო (2532) ინაწილებენ. 

შეგახსენებთ, რომ გრან-პრის სერიის გათამაშება 6 ეტაპად ტარდება და მასში მსოფლიოს 18 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი 4 ეტაპზე გამოვა და ყოველი ადგილი შესაბამისი ფულადი პრიზით და  ქულით აღინიშნება.

გრან-პრის ორი ეტაპის ჯამში პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ანა მუზიჩუკი (სლოვენია) – 250 ქულა; 2. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 220; 3. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) – 190; 4. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 170; 5. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 160;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117527