ჭადრაკი

21:01 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი მოწინავე სამეულში რჩება

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ქალთა გრან-პრის სერიის III ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ქართველმა ბელა ხოტენაშვილმა (2514) 6.0 ქულა მოაგროვა და მე-3 ადგილზე იმყოფება.

ბოლოსწინა მე-11 ტურში ხოტენაშვილი შავი ფიგურებით ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ კატერინა ლაჰნოს (2532) დაუპირისპირდა და 43-ე სვლაზე დაუზავდა. ლაჰნოს ქართველის დარად 6.0 ქულა გააჩნია, თუმცა, ჩვენებურს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.

ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ინდოელი ჰამპი კონერუ (2607) გახლავთ, რომელსაც ერთადერთი წაგება სწორედ ხოტენაშვილთან აქვს. ამჯერად, კონერუმ აუტსაიდერ გულისხან ნახბაიევას (2307) სძლია და 7.5 ქულა მოაგროვა, მე-2 ადგილზე კი 6.5 ქულით მისივე თანამემამულე ჰარიკა დრონავალია (2475), რომელმაც უზბეკ ნაფისა მუმინოვას (2293) აჯობა.

უკანასკნელ ტურში ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას (2496) ეთამაშება, სხვა წყვილები კი ასე გამოიყურება: გირია (რუსეთი, 2439) – კონერუ, ჟაო (ჩინეთი, 2579) – დრონავალი, ნახბაიევა – ლაჰნო.

შეგახსენებთ, რომ გრან-პრის სერიის გათამაშება 6 ეტაპად ტარდება და მასში მსოფლიოს 18 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი 4 ეტაპზე გამოვა და ყოველი ადგილი შესაბამისი ფულადი პრიზით და  ქულით აღინიშნება.

გრან-პრის ორი ეტაპის ჯამში პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ანა მუზიჩუკი (სლოვენია) – 250 ქულა; 2. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 220; 3. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) – 190; 4. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 170; 5. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 160;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116963