ქართველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა (2440) საფრანგეთის ქალაქ ბეტუნის საერთაშორისო ტურნირის ბოლო ტურში პოლონელ მონიკა სოცკოსთან (2495) წააგო და მე-2 ადგილი დაიკავა, არადა, ყაიმის შემთხვევაში, ჩემპიონი ხდებოდა.
ხოტენაშვილისა და სოცკოს გარდა, ორ წრედ გამართულ მინი-ტურნირში გერმანელი ელიზაბეტ პაეტი (2474) და ფრანგი სოფი მილიეც (2375) თამაშობდნენ, რომელთაც შესაბამისად, მე-3 და მე-4 ადგილები დაიკავეს.
სოცკოს პირველობისთვის 4.5 ერგო, ხოლო ხოტენაშვილი 6 ტურში 4.0 ქულას დასჯერდა.
ვაჟთა ტურნირის A ჯგუფში საქართველოს 2009 წლის ჩემპიონმა თორნიკე სანიკიძემ (2558) ბოლო ტურამდე პირველ ადგილზე მყოფი ფრანგი ჟიულ მუსარი (2423) შავი ფიგურებით დაამარცხა და 9 ტურში მოგროვებული 7.0 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა. მუსარი მე-2 პოზიციაზე ჩამოქვეითდა, ჩემპიონი კი 7.5 ქულით პოლონელი ბარტოშ სოცკო (2660) გახდა.
ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე მალხაზ სულაშვილი (2490) ინდოელ ჩოუდჰური როის (2448) დაუზავდა და 6.0 ქულით 114 მონაწილეს შორის მე-15 ადგილზე გავიდა.







