ჭადრაკი

23:58 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი ლიდერთა სამეულშია

ქართველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა (2514) ტაშკენტში მიმდინარე ქალთა გრან-პრის სერიის მესამე ტურნირი მარცხით გახსნა, თუმცა, მას შემდეგ მიჯრით 2 გამარჯვება იზეიმა და ლიდერთა სამეულში შეაღწია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ხოტენაშვილის დღევანდელი გამარჯვება მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს დიდოსტატ, ჩინელ ქსუე ჟაოსთან (2579), რომელიც მანამდე უდანაკარგოდ ასპარეზობდა, ქართველთან კი თეთრი ფიგურებით 70-ე სვლაზე დანებდა.

3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ინდოელი ჰამპი კონერუ (2607) ლიდერობს, 2.5 ქულა აქვს მისივე თანამემამულე ჰარიკა დრონავალის (2475), შემდეგ კი 2-2 ქულით ხოტენაშვილი, ჟაო და უკრაინელი კატერინა ლაჰნო (2532) მოდიან, რომელთაგან საუკეთესო დამატებითი მაჩვენებლები ქართველ დიდოსტატს გააჩნია.

მე-4 ტურში ხოტენაშვილი ისევ შავებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი მსოფლიოს ექსჩემპიონი ალეკსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2495) იქნება. საინტერესო უნდა იყოს კონერო-ლაჰნოს და დრონავალი-ჟუს (ჩინეთი, 2535) პარტიებიც.

შეგახსენებთ, რომ გრან-პრის სერიის გათამაშება 6 ეტაპად ტარდება და მასში მსოფლიოს 18 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი 4 ეტაპზე გამოვა და ყოველი ადგილი შესაბამისი ფულადი პრიზით და  ქულით აღინიშნება.

გრან-პრის ორი ეტაპის ჯამში პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ანა მუზიჩუკი (სლოვენია) – 250 ქულა; 2. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 220; 3. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) – 190; 4. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 170; 5. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 160;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116617