ქართველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა (2490) ჩინურ ვუსიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ზედიზედ მე-3 პარტია მოიგო და მასპინძელ ქსუე ჟაოსთან (2453) ერთად გალიდერდა. ამ მოჭადრაკეთა აქტივში 4.5-4.5 ქულაა.
Women Chess Masters-ის მე-6 ტურში ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით ჩინელი ჟონგი ტანი (2438) დაამარცხა, რომელიც აქამდე ქართველს მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩებოდა, ახლა კი, ქართველისა და ჟაოს უახლოესი მდევარი კიდევ ერთი მასპინძელი ვენჯუნ ჟუ (2557) გახლავთ. ეს უკანასკნელი რეიტინგის მიხედვით ტურნირის უმთავრესი ფავორიტია, ექვსი ტურის თავზე კი 4.0 ქულით მე-3 ადგილზეა.
ჩინური მასტერსი 9 ტურად მიმდინარეობს და ქართველი მოჭადრაკის სამომავლო განრიგიც ცნობილია. 17 აპრილს ბელა შავ ფიგურებით – ქსიაოუენ ჟანგს (2438) ეთამაშება, 18-ში, შავებითვე – იანგ შენს (2443), ხოლო 19-ში, თეთრებით – ვენჯუნ ჟუს (2557).
ტურნირის საპრიზო ფონდი 215 000 ჩინური იუანია (დაახლოებით, 26 000 ევრო), საიდანაც ჩემპიონი 60 000 იუანს (დაახლოებით 7 000 ევრო) მიიღებს.







