ჟენევაში გრძელდება 2013-2014 წლების საჭადრაკო გრან-პრი ქალთა შორის. ხუთი ტურის შემდეგ ბელა ხოტენაშვილის ლიდერთა დუეტს - ანა მუზიჩუკსა და კატერინა ლაჰნოს ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა. მეექვსე ტურში ნანა ძაგნიძე მუზიჩუკს დაუზავდა, ლაჰნო - ვენჟნ ჟუს. ხოტენაშვილმა კი ტუშინტუგ ბატჩიმეგი დაამარცხა, რის შედეგადაც ტურნირზე 4-4 ქულით ოთხი მოჭადრაკე დაწინაურდა - ხოტენაშვილი, ლაჰნო, მუზიჩუკი და კოსინცევა.
მეშვიდე ტურში ხოტენაშვილი შავი ფიგურებით ვიქტორია ჩმილიტეს შეხვდება, ხოლო ნანა ძაგნიძე, რომელსაც 3 ქულა აქვს, ოლგა გირიას ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი, რომელშიც 12 მონაწილეა წრიულია და 11 ტურად ტარდება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქალთა შორის 2013-14 წლის გრან პრის გათამაშების ერთ-ერთ, კონკრეტულად კი V ეტაპს თბილისიც უმასპინძლებს, მომავალი ტურნისი 2014 წელს, 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
გრან პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპისთვის 60 000 ევროა გამოყოფილი, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდება: I ადგილი – 10 000 ევრო (+160 ქულა), II – 8 250 (+130), III – 6 750 (+120), IV – 5 750 (+90), V – 5 000 (+80), VI – 4 500 (+70), VII – 4 250 (+60), VIII – 4 000 (+50), IX – 3 250 (+40), X – 3 000 (+30), XI – 2 750 (+20), XII – 2 500 (+10).
გრან პრის გამარჯვებული, 2015 წელს, პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულისთვის ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონს შეხვდება.







