ჭადრაკი

12:35 | 14.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილ-მუჟიჩუკის „დუეტი“ ისევ ლიდერობს

ჟენევაში, მოჭადრაკე ქალთა გრან-პრის გათამაშებაში 9 ტურია გასული და ლიდერი კვლავ ორია - ბელა ხოტენაშვილს და სლოვენიელ ანა მუჟიჩუკს 6,5-6,5 ქულა აქვთ. მეცხრე ტურში ორივე მოჭადრაკემ იმარჯვა - ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით ოლგა გირიას სძლია, ხოლო მუჟიჩუკმა თეთრებით მოუგო ტუშინტუგ ბატჩიმედს. „დუეტს“ ნახევარი ქულით ჩამორჩება ტატიანა კოსინცევა, რომელმაც კატერინა ლაჰნო დაამარცხა. რაც შეეხება ნანა ძაგნიძეს, მან ყაიმით დაასრულა პარტია ანა უშენინასთან და 4,5 ქულით მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს იუფან ჰოუსთან ერთად. დღეს, ბოლოსწინა ტურში (ტურნირში 12 მონაწილეა და წრიული სისტემით, 11 ტურად თამაშობენ) ხოტენაშვილი ლაჰნოს დაუპირისპირდება, ხოლო ძაგნიძე - ვენჟუნ ჟუს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქალთა შორის 2013-14 წლის გრან პრის გათამაშების ერთ-ერთ, კონკრეტულად კი V ეტაპს თბილისიც უმასპინძლებს, მომავალი ტურნისი 2014 წელს, 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

გრან პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპისთვის 60 000 ევროა გამოყოფილი, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდება: I ადგილი – 10 000 ევრო (+160 ქულა), II – 8 250 (+130), III – 6 750 (+120), IV – 5 750 (+90), V – 5 000 (+80), VI – 4 500 (+70), VII – 4 250 (+60), VIII – 4 000 (+50), IX – 3 250 (+40), X – 3 000 (+30), XI – 2 750 (+20), XII – 2 500 (+10).

გრან პრის გამარჯვებული, 2015 წელს, პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულისთვის ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონს შეხვდება.

თენგიზ ჩობანიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086259