კალათბურთი

16:46 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ლუის აბოსი: “სანიკიძე ფეთქებადი მოთამაშეა, რომელიც მეტოქეებს ბევრ პრობლემას უქმნის”

ქართველი ფორვარდი “სარაგოსაშიც” 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს


 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ კონტრაქტი “სარაგოსასთან” გააფორმა და ესპანურ კლუბში მომავალი სეზონის დასრულებამდე ითამაშებს. ქართველი კალათბურთელის ტრანსფერი არაგონული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა და ისიც ცნობილი გახდა, რომ “ვიკა” ესპანეთშიც მისი საყვარელი 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ქართველი ახალაწვეულის შესახებ საკუთარი აზრი “სარაგოსას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის აბოსმა და სპორტულმა დირექტორმა ვილი ვილარმაც გამოთქვეს.

ხოსე ლუის აბოსი: “სანიკიძე იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც აქამდე გვყავდა, სრულიად განსხვავდება. იგი უნივერსალური კალათბურთელია და როგორც დაცვაში, ასევე – შეტევაში მოხსნებში ძალიან ძლიერია. ვიქტორს სწრაფი პირველი ნაბიჯი აქვს და ფეთქებადი მოთამაშეა, რითაც მეტოქეებს ბევრ პრობლემას უქმნის. იგი იტალიაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა და საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოცდილება გააჩნია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სანიკიძეს ევროლიგაში ესპანური კლუბების წინააღმდეგაც უთამაშია და ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა, ამდენად, აქაურ სიტუაციასთან შესაგუებლად დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს. მითუმეტეს, რომ მას კლუბში თანამემამულე გიო შერმადინი ხვდება, რომელთან საერთო ენის გამონახვა ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს”.

ვილი ვილარი: “ისეთ მოთამაშეს ვეძებდით, რომელიც ჩვენს მიერ ბოლო წლებში აღებულ კურსში სრულად ჩაჯდებოდა. ვფიქრობ, ვიკტორი გუნდს იდეალურად უნდა მოერგოს. იგი ძალიან მოქნილი კალათბურთელია და ესპანურ ლიგას კარგად უნდა შეეწყოს. ადაპტაციაში გიოც დიდად დაეხმარება. “სარაგოსა” სანიკიძის გადაბირებით ძალიან კმაყოფილია და მისგან წარმატებულ თამაშს ელის”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120333