ფეხბურთი

12:55 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოჯავა და მარცვალაძე რუსეთის პირველ დივიზიონში გალიდერდნენ

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-16 ტურში, ვლადიკავკაზის “ალანიამ”, სადაც ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა გამოდიან, სტუმრად გოგიტა გოგუას და გიორგი ნავალოვსკის ხაბაროვსკის “სკა-ენერგია” დაამარცხა (1:0) და ვიდრე “მორდოვია” ითამაშებს, გალიდერდა.

განვლილ მატჩში, ხოჯავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-40 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 43-ეზე შეცვალეს. მარცვალაძეს ტრავმა ჯერ არ მოურჩენია და ამიტომ, 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “სკა-ენერგიაში” ნავალოვსკი და გოგუა სრულად გაისარჯნენ. “ალანიას” 31 ქულა აქვს და 19-გუნდიანი გათამაშებას ლიდერობს. “სკა-ენერგია” 26 ქულით მეოთხეა.

აქვე გეტყვით, რომ რუსეთში არსებული სხვადასხვა საათობრივი სარტყელების გამო, “სკა-ენერგია” – “ალანიას” დაპირისპირება თბილისის დროით დილის 9 საათზე დაიწყო. ტურის დანარჩენი მატჩები მიმდინარე დღის განმავლობაში შედგება.

ამავე ტურში, ორშაბათს, ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგია” გასვლაზე სანკტ-პეტერბურგის “დინამოს” დაუზავდა – 1:1. გურამ თეთრაშვილმა ვლადივოსტოკელებში სრულად ითამაშა. “ლუჩ-ენერგია” 21 ქულით მეცხრეზეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია თავკაცობს, სტუმრად თანაქალაქელ “დაუგავას” 2:0 მოუგო. ირაკლი კლიმიაშვილმა გამარჯვებულთა შემადგენლობაში თავიდან ბოლომდე იასპარეზა. ლადო დათუნაშვილი სათადარიგოებში ჯდომით შემოიფარგლა, ხოლო ლევან ჭაჭიაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყო. ლაშა დვალი, როგორც ცნობილია კარიერას ინგლისის ჩემპიონლიგის კლუბ “რედინგში” გააგრძელებს. “დაუგავაში” გიორგი დიაკვნიშვილი 90 წუთი გაისარჯა. “სკონტო” 10-გუნდიან ვირსლიგას 54 ქულით ლიდერობს. “დაუგავა” 39 ქულით მეოთხეა.

იტალიის სერია B-ს მე-7 ტურში, “ემპოლიმ”, რომელშიც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე ირიცხებიან, გასვლაზე “აველინოსთან” 0:1 წააგო. მჭედლიძე თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც სტუმრები უკვე მარცდებოდნენ, ხოლო შეყილაძემ ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მჭედლიძემ 69-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე სეზონში “ემპოლიმ” პირველად წააგო და 22-გუნდიან სერია B-ში მე-2 ადგილზე იმყოფება.

სომხეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში, კაპანის “განძასარმა” შინ ერევნის “ულისესი” 1:0 დაამარცხა. მასპინძლებში შოთა ჯიქია თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო. თენგიზ უგრეხელიძე “ულისესის” სასტარტოში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. “განძასარი” 11 ქულით სომხეთის 8-გუნდიან პრემიერლიგაში მე-3 ადგილზეა. “ულისესი” 3 ქულით ბოლოსწინაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123617