სტატიები

18:40 | 27.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხნავენ თუ არა ბებრების რქები?

პირველად დავით მუჯირმა ახსენა თავის ცნობილ წერილში ნაკრებიდან ფეხბურთისთვის ხანდაზმული მოთამაშეების მოსალოდნელი გაშვების შესახებ...
მერე კახა კალაძის ხმამაღალი წასვლა იყო - პოლიტიკურად შეკაზმული, მაგრამ ფედერაციის წერილიდან ისე გამოვიდა, წინ წყალი, უკან მეწყერიო და უსიამოვნო ელფერი დაიკრა ამ ყველაფერმა.
სულ ახლახან, ალბანეთთან მატჩის მერე, ლევან კობიაშვილის ინტერვიუში გაიჟღერა სიფრთხილენარევმა უკმაყოფილებამ და მიუხედავად იმისა, ნაკრების მთავარმწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ შორს დაიჭირა მისი და ალექსანდრე იაშვილის შესაძლო „გაშვების“ შესახებ გავრცელებული ხმები, ქართული საფეხბურთო სამყაროს გარკვეული ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ „ბებრებს უშვებენ“...
სადაა სიმართლე? უთუოდ მომავალში - მანამდე ყველაფერი მარჩიელობას ჰგავს და სანამ ნაკრების სამზარეულოდან სააშკარაოზე არ გამოუტანიათ დადასტურებული ინფორმაცია (ან ასე, ან ისე), ვერავინ ვერაფერს მოაბამს კუდს.
დაველოდოთ!
ამ შემთხვევაში, შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს - არავინ იცის, როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები კახა კალაძის ან სხვა რომელიმე ასაკოვანი ფეხბურთელის წასვლის მერე. გუნდმა შეიძლება კარგად ან ცუდად ითამაშოს, მოიგოს ან წააგოს, მაგრამ ვიმეორებ, შედეგზე მეტად, ქცევის მორალს აქვს მნიშვნელობა - ვის, სად და როგორ ვუშვებთ.
ის, რომ თაობათა ცვლა კლუბსაც და ნაკრებსაც არ ასცდება - პანაცეაა, აქსიომა. წასულან და წავლენ უდიდესი ფეხბურთელები, მოვლენ ახლები და ასე იქნება სულ - სანამ ფეხბურთი იარსებებს და სანამ ადამიანის ორგანიზმი ბუნებრივ, დაბერების პროცესს დაექვემდებარება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მომსვლელი კონკრეტულ მომენტში უნდა სჯობდეს წამსვლელს.
სხვაგვარად, არა მარტო წყენა და იმედგაცრუება, უსამართლობაც გარდაუვალია, უსამართლობა კი აუცილებლად ისჯება - რასაკვირველია, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა მართალი და მრუდე შეჯერდება და ამა თუ იმ პიროვნების მუშაობის ბალანსი „დადგება“.
ლევან კობიაშვილის ფრთხილი უკმაყოფილება საბაბს იძლევა, ვიფიქროთ, რომ მოარული ხმები მთლად უსაფუძვლო არ არის - გაახალგაზრდავების შესაძლო პოლიტიკა დაფარული თუა, უნდა გააშკარავდეს, თორემ რაკიღა თემურ ქეცბაია ნაკრების მთავარი მწვრთნელი და შესაბამისად, მთავარი პასუხისმგებელი პირია, სწორედაც მან უნდა გადაწყვიტოს - ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა, საქართველოს ნაკრებში მოცემულ ეტაპზე.
ბუნებრივია, ამ საკითხს შეიძლება ახლდეს გარკვეული უხერხულობაც - იგი ხომ  ახლახან თავად იყო ზემოხსენებული ფეხბურთელების თანაგუნდელი, მაგრამ ეს უხერხულობა, მეორეს მხრივ, უპირატესობადაც შეიძლება ექცეს - სხვა ვინ გაუგებს, თუ არა ეს ბიჭები, ხალხი, ვისთან ერთადაც იზიარებდა სანაკრებო ჭირ-ვარამს.
ჩვენი საქმე კი სხვაა - ჩვენ იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, არის კი კონკრეტულ ეტაპზე ისეთი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მოცემულ პოზიციაზე, რომელიც აშკარად სჯობს ვეტერანებს?
და იქვე კითხვის მეორე ნაწილი - არის კი ეს უპირატესობა იმდენად თვალსაჩინო, რომ საფეხბურთო ოსტატობის გარდა, ერთდროულად გადასწონოს თუნდაც კობიაშვილისა და იაშვილის გამოცდილება და პროფესიონალიზმი?!
პირადად ჩემი აზრით - არა და ვერა, მაგრამ ამავე დროს, მე ვაღიარებ ქეცბაიას უპირატესობას სამწვრთნელო საქმეში და ხელს ვიბან: მწვრთნელმა უკეთ იცის!
შესაბამისად; თუკი სათანადო დროს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ბუნებრივია, მწვრთნელს მოუწევს მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ფედერაცია? მიუხედავად დაშვებული რამდენიმე „იაღლიშისა“ (უმეტესად, იდეოლოგიური მონაცემებიდან გამომდინარე), ეს ორგანო მთელი შესაძლებლობებით უნდა ეცადოს, რომ მხოლოდ მწვრთნელის ამარა არ დატოვოს სანაკრებო სიტუაცია და უბრალოდ, განაცხადოს, რეალურია თუ არა მოარული ხმები და რა როლი აკისრია მას ამ საქმეში.
ფედერაციის გასაკეთებელია ერთი უმნიშვნელოვანესი საქმეც - ბოლოს და ბოლოს, გვაქვს თუ არა ფული, გვიდგას გვერდით თუ არა სახელმწიფო მანქანა, გვყოფნის თუ არა უეფასა და ფიფას მიერ გადმორიცხული თანხა ყველაფერზე, კეთილი უნდა ვინებოთ და სათანადო პატივი მივაგოთ ყველა იმ პიროვნებას, ვინც ბურთი კარგად ითამაშა.
ამ პროექტმა არავინ უნდა დაივიწყოს - არც ძველი და არც ახალი, ამ შემთხვევაში კი, იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ პოლიტიკურმა პოზიციამ მადლიერების გრძნობა არავის უნდა დააკარგვინოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვაც არაერთი გვყავდა უდიდესი გაქანების ფეხბურთელი, მარტო კაპიტნებზე ვიტყვი - მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე და კახა კალაძე პატივისცემისა და მადლობის ღირსები არიან, მიუხედავად იმისა, თუ როდის, სად და ვისი სახელით თამაშობდნენ ისინი.
ვამბობთ კაპიტნებს, ვგულისხმობთ სხვა დიდოსტატებს და ეს როგორღაც გაფრთხილებასავით უნდა ჟღერდეს: საქართველოს ნაკრებიდან უპრაგონოდ არცერთი დამსახურებული ფეხბურთელი არ უნდა „გავუშვათ“, ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების, კომპრომისისა და პატივისცემის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
სხვაგვარად, აზრი არ ექნება და ფუჭი იქნება სიკეთის მოლოდინი...
და ერთიც: მე კარგად მახსოვს, როგორ იწყებდა საფეხბურთო სკოლიდან უფრო ზევით სვლას ალექსანდრე იაშვილი. მახსოვს, რა ადრე შეამჩნია იგი საფეხბურთო თბილისმა და მახსოვს მე-7 ნომერი მის მაისურაზე...
ახლა, როცა საქართველოს ნაკრებს ასე აკლია ბოლო პასის მიმცემი, ნახევარდაცვის ცენტრში საკვანძო მოთამაშე, რომელიც არა მხოლოდ საგოლე პასებს გასცემს, თამაშის რითმის რეგულაციასაც ეცდება, რომელიმე ამხანაგურ თამაშში ეგებ, მისი ამგვარად გამოცდაც ღირდეს?
იქნებ, „იაშკამაც“ გაიხსენოს ის, რაც ასე კარგად გამოსდიოდა მაშინ?
ვიცი, რომ მას მერე დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ცდაც რომ ბედის მონახევრეა?! ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვეულებრივი, უპრეტენზიო აზრია, რომელიც შეიძლება ჭკუაში დაუჯდეს ან კატეგორიულად მიუღებელი იყოს თემურ ქეცბაიასთვის. რადგან: საპირწონეზე დგას არა მხოლოდ მწვრთნელის პოზიცია და ოცამდე გრძელი წელიწადი, ფიზიკური, ფუნქციონალური, სათამაშო სქემიდან გამომდინარე შესაძლებლობები...
სხვამხრივ, ყველა კითხვაზე ერთი პასუხი ჩანს - აღდგომა და ხვალეო...

 

კონსტანტინე გოგიშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164369