ჩოგბურთი

19:18 | 24.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხელიდან გაშვებული შანსი

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მორიგი დასანანი მარცხი განიცადა. მაროკოს ქალაქ ფესში მიმდინარე 220-ათასიანი ტურნირის საწაყის რაუნდში, ტატიშვილს ესპანელი გარბინ მუგურუზა ბლანკოს დამარცხების შანსი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, გადამწყვეტ მომენტებში ვერ ივარგა და 2 საათსა და 40 წუთში 5:7, 7:5, 4:6 წააგო.
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 83-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა გოგონამ მსოფლიოს 139-ე ჩოგანს მოწოდება ცხრაჯერ (!) აართვა, რაც თამაშის მოსაგებად სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო, თუმცა, თავად მოწოდება 10-ჯერ დათმო და მარცხს ვერ გადაურჩა. მარტივი არითმეტიკაა: ტატიშვილმა მატჩის განმავლობაში სულ 16 გეიმი მოიგო და აქედან საკუთარ მოწოდებაზე – მხოლოდ 7 (!).
ანა პირველ სეტში 5:4-ზე აწვდიდა და შემდეგ ზედიზედ სამი გეიმი წააგო, კიდევ უფრო დასანანი კი მე-3 სეტში მომხდარი ამბები გახლდათ, როდესაც ქართველი ჩოგბურთელი ორი ბრეიკით 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ვერც ამ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა. და ორმაგი შეცდომები, რომელთა გარეშეც ანას თამაშების წარმოდგენა ძნელია. ამჯერად, ქართველის პასივში 8 ორმაგი გახლდათ.
არადა, ნაკლებადცნობილი ესპანელის დამარცხება, ტატიშვილს შემდგომი წინსვლის ჩინებულ შანსსაც აძლევდა. საქმე ის გახლავთ, რომ მერვედფინალში ანას მეტოქე ავსტრიელი პატრისია მაირ-ახლაიტნერი (მსოფლიოს 101-ე ჩოგანი) იქნებოდა, რომელმაც მე-4 ნომრად განთესილ ბელგიელ იანინა ვიკმაიერს სძლია და ტურნირს ერთ-ერთი ფავორიტი მოაკლო. ტატიშვილს მაირი ადრეც ჰყავს დამარცხებული და მისი კიდევ ერთხელ ძლევის შემთხვევაში, ერთბაშად 70 სარეიტინგო ქულას მიიღებდა, ასე კი, ერთადერთ ქულას დასჯერდა.
ქართველ ჩოგბურთელს ჯერაც ჩასატარებელი აქვს წყვილთა ტურნირის მატჩი, სადაც იგი და პოლონელი ურსულა რადვანსკა სლოვაკ ჯანეტ ჰუსაროვასა და უნგრელ კატალინ მაროსის დაუპირისპირდებიან.
იტალიურ სან სევეროში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ კვალიფიკაციის გამარჯვებულ მასპინძელ მარსელა ჩუკას 6:4, 6:2 სძლია და მერვედფინალში იტალიელ მეკისა და ფრანგ ფონტანაროსას შორის გამარჯვებულს ელის.
თურქულ ანტალიაში ასევე 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მასპინძელ სედა არანტეკინს გაეჯიბრება 1-ლი განთესვის მქონე სოფო ქვაცაბაია, ხოლო მე-5 ნომრად მიჩნეული ოქსანა კალაშნიკოვა სლოვაკ ჩანტალ სკამლოვას დაუპირისპირდება. წარმატებული თამაშის შემთხვევაში, ქართველთა გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთება.
წყვილებში კალაშნიკოვასა და ქვაცაბაიას პირველ ნომრად განთესილმა დუეტმა მძიმე ბრძოლაში პოლონურ-იაპონურ ტანდემს (ჩარნიკი-ონიში) 7:5, 6:7 (1:7), 10:6 სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095182