ინტერვიუები

10:13 | 12.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ პასტორე: “ფული ძალიან გეხმარება, მაგრამ ბედნიერს არ გხდის”

არგენტინული “ურაკანიდან” 2009 წელს “პალერმოში” გადასული ხავიერ პასტორე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მალევე ჩამოყალიბდა. 21 წლის სამხრეთამერიკელი იტალიის სერია A-ს მთელ რიგ მატჩებში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და შემთხვევითი არაა, რომ მისი პერსონით რამდენიმე ევროპული გრანდი დაინტერესდა, რომელთა შორის “ბარსელონაცაა”. თუმცა, თავად ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში პალერმოელთა რიგებში ჩატარებულ 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა, სიცილიის დატოვებას არ ჩქარობს და calcionews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ფული ცხოვრებაში ყველაფერი არაა.
- თქვენი საფეხბურთო “მამა” ანხელ კაპა “ურაკანში” თამაშის დროს გთხოვდათ: “სამი მეოთხედი უბრალოდ ითამაშე, ხოლო შემდეგ პასტორე”...
- მას ჩემი ყოველთვის სჯეროდა. ამ ადამიანის ძალიან მადლობელი ვარ. დღესდდღეობით, ის ელექტრონული ფოსტით კვლავ მიგზავნის თავის ძვირფას რჩევებს. თუ გუნდისთვის არ იბრძვი, ვერ გაიზრდები.   
- “პალერმოს” პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ განაცხადა, რომ კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში ხელფასის მხრივ შეზღუდვა არ გექნებათ. ეს კიდევ ერთი სტიმულია, რომ “პალერმოში” კიდევ ერთი წლით დარჩეთ?
- სიმართლე გითხრათ ფულზე არასოდეს მიფიქრია. თუ დავრჩები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადავწყვეტ, რომ ჩემი მომავლისთვის ასე უკეთესი იქნება. ფული ძალიან გეხმარება, მაგრამ ბედნიერს არ გხდის. ახლა, მხოლოდ იმას ვოცნებობ, რომ “პალერმოსთან” ერთად რაიმე ტიტული მოვიგო.    
- დღესდღეობით, ბევრს საუბრობენ, რომ თქვენი მომავალი “ბარსელონას” უკავშირდება. მესის და მასკერანოს ერთი სული აქვთ, მათ გვერდით როდის ითამაშებთ, ხოლო პეპ გვარდიოლას სჭირდებით.. გარდა ამისა, “ბარსელონა” თქვენს შესაძლებლობებს უკეთ წარმოაჩენდა. სამომავლოდ პრიორიტეტულად რას მიიჩნევთ?
- “ბარსელონა” მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უპრესტიჟულესი გუნდია. იქ მესი გამოდის, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. უდავოა, რომ ერთ დღეს ასეთ ძლიერ გუნდში გადასვლა გამახარებდა. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ამჟამად ჩემთვის ამაზე ფიქრი პრიორიტეტული არაა. მე აწმყოზე ვფიქრობ და ახლა, “პალერმოში” ძალიან ბედნიერი ვარ. ამიტომ, ჯერჯერობით აქ დარჩენა მინდა.    
- აგვიხსენით რა მოხდა “ჯენოასთან” მატჩის პირველ ტაიმში. დელიო როსისთან ძალიან ბევრს საუბრობდით და თითქოს ჩანდა, რომ ისე თამაში არ გინდოდათ როგორც იცით. შემდეგ კი, ქუსლით საოცარი პასი გააკეთეთ, რომელმაც მატჩის მონოტონური მსვლელობა დაარღვია....
- მე მასთან მივედი, რაღაც რომ მეკითხა, რადგან მოედანზე კარგ პოზიციას ვერ ვპოულობდი და მხოლოდ ეს იყო. საკუთარ თავზე ვიყავი გაბრაზებული და მეტი არაფერი. ბოდიშს ვიხდი თუ ამან რაიმე გაუგებრობა გამოიწვია.
- თქვენ სულ უფრო მეტად ხდებით მოედანზე ლიდერი და გუნდს კაპიტანი ფაბრიციო მიკოლიც დაუბრუნდა. ამ “პალერმოს” რამდენად შორს წასვლა შეუძლია?
- ჯერჯერობით, ლიდერი არ ვარ. ცხადია, ის ფაბრიციო მიკოლია, რომელიც თავის საუკეთესო კონდიციას უბრუნდება. იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტს მივაღწევთ, ვიდრე გასულ სეზონში. ჩვენ ძლიერი ფეხბურთელები გვყავს და ჩემპიონთა ლიგაში თამაში გვინდა. გვჯერა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია.  
- მიკოლის კვლავ შეუძლია გოლების გატანა თქვენი გადაცემების შემდეგ...
- ფაბრიციო ნამდვილი ჩემპიონია და გატანა ნებისმიერ შეხვედრაში შეუძლია. ჩემთვის ზუსტი გადაცემის გაკეთება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გოლის გატანა.
- გუნდის კაპიტნისგან რა ისწავლეთ?
- ის საუცხოო ადამიანია და ნდობას იმსახურებს. მისგან ბევრი ვისწავლე. მიკოლის საუცხოო ტექნიკა აქვს და როგორც მარჯვენა, ასევე, მარცხენა ფეხით წარმოუდგენლად ძლიერად ურტყამს. ყოველთვის რაღაცას სწავლობ, როდესაც ასეთ კარგ ფეხბურთელთან ერთად ვარჯიშობ. ასევე, ვსწავლობ ბალცარეტისგან, მილიაჩოსგან, ნოჩერინოსგან, კასანისგან, ბოვოსგან, ლივერანისგან და სხვა გამოცდილი ფეხბურთელებისგან. ზოგჯერ ვბრაზდები, როდესაც ბურთს იშვიათად ვიღებ. ეს არასწორი რეაქციაა და ვცდილობ ასეთი საქციელი გამოვასწორო.
- სერია А-ში თქვენი საყვარელი ახალგაზრდა ფეხბურთელი პატოა...
- დიახ, ასეა. ის ძალიან ძლიერია და ძალიან მომწონს. პატო ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რომელიც დღესდღეობით თამაშობს. თუმცა, ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით.  
- თქვენ უმცროს ძმას ხუანს “პალერმოში” დებიუტი როდის ექნება?
- იმედი მაქვს, რომ მალე. მას თამაში ძალიან სურს.
- პასტორეს იდეალი –ეს ლაზანია (იტალიური კერძი, რედ,), საღამო სახლში, მუსიკა “ჩუარტეტო”, ფილმი “კაბალეროს ბედი”, წიგნი “Eლ შეცრეტო”, გვერდით საცოლე და შესაძლოა, ერთხელ არგენტინის ნაკრებთან ერთად, რომლის მწვრთნელი მარადონა ისევ იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებაა. არის კიდევ რამე?
- არა, საკმარისია. ეს ყველაფერია რაც ბედნიერს მხდის და თავს კარგად ვგრძნობ.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116828