ხარკოვში და ლვოვში ჟურნალისტებისთვის სააკრედიტაციო ცენტრი ხუთშაბათს გაიხსნა. “მსოფლიო სპორტი” იმ გამოცემებს შორის მოხვდა, რომლის ჟურნალისტსაც უეფამ ევროპის ჩემპიონატისთვის აკრედიტაცია მისცა და დანიშნულების ადგილზე დილის 9 საათისთვის გამოვცხადდი. ვიდრე ცენტრი გაიხსნებოდა, ორ მუშას მისი შესასვლელი მწყობრში მოჰყავდა.
სააკრედიტაციო ცენტრი “ჰიუნდაის” ავტოსალონის პირველ სართულზეა განთავსებული. მომსახურე პერსონალი ძირითადად ადგილობრივებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც უეფას მიერ მივლენილი ორი მამაკაცი ეხმარებოდა. ყველაფერი მაღალ დონეზეა მოწყობილი და შენობაში შესვლისთანავე იგრძნობა, რამდენად აფასებს უეფა ჟურნალისტებს. აკრედიტაციის პროცედურას დიდხანს არ ჩაუვლია. სათანადო საბუთების წარდგენის შემდეგ, ცოტა ხანი მოცდა მთხოვეს და ათ წუთში კედელზე დაკიდებულ მონიტორზე ჩემი სახელი და გვარი დაიწერა, რაც იმის მანიშნებელია, რომ აკრედიტაციის პროცედურა დასრულდა. აკრედიტირებულ ჟურნალისტებს უეფასგან სამახსოვროდ სპეციალური ჩანთაც ერგოთ.
“მსოფლიოს სპორტი” ხარკოვის ჯგუფის სამივე თამაშზე – გერმანია-დანია, ჰოლანდია-გერმანია და პორტუგალია-ჰოლანდია იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, დონეცკში ჯგუფის ბოლო მატჩზე, რომელშიც უკრაინა და ინგლისი ხვდებიან ერთმანეთს, დასწრების უფლებაც მაქვს. აკრედიტაციის დაკარგვის შემთხვევაში ჟურნალისტმა 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართოს სააკრედიტაციო ცენტრს და 150 ევროს ექვივალენტი უნდა გადაიხადოს უკრაინულ გრივნებში ან კიდევ პოლონურ ზლოტებში. გააჩნია, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შემდეგ უეფა გადაწყვეტს, მისცეს თუ არა მას ხელახალი აკრედიტაცია.
სააკრედიტაციო ცენტრის გახსნიდან ერთ საათში, უკრაინული დროით 10 საათზე გაიხსნა მედია-ცენტრი. იგი ორსართულიანია და 500 ჟურნალისტს იტევს. სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მედიაცენტრშიც ავტოსალონი გაიხსნება. ჟურნალისტებისთვის სამუშაოდ მაგიდებზე 15-მდე “ნოუთბუქი” იდო ინტერნეტში ჩართული. მათ, ვისაც საკუთარი პორტატული კომპიუტერები აქვთ, შეუძლიათ ჩვეულებრივი ინტერნეტითაც ისარგებლონ და უკაბელოთიც.
თითოეულ თამაშზე დასწრების უფლების მისაღებად ჟურნალისტი მატჩის დღეს მედია-ცენტრში უნდა გამოცხადდეს, სადაც უკვე კონკრეტული შეხვედრის აკრედიტაციას გადასცემენ. თუ ჟურნალისტმა რომელიმე თამაშის აკრედიტაცია არ აიღო, უეფა მას ელექტრონული ფოსტით აფრთხილებს ე.წ. “ყვითელ ბარათს” აძლევს და იგივეს გამეორების შემთხვევაში უკვე მასმედიელს “წითელი ბარათი” აქვს გარანტირებული, რის შემდეგ, სხვა თამაშებსაც ვეღარ დაესწრება.
ხუთშაბათს მედია-ცენტრი უკრაინის დროით 18:00 საათამდე მუშაობს. მატჩების დღეებში კი დილის 10-დან ღამის პირველ საათამდე, თუ თამაში უკრაინის დროით 19:00 საათზე იწყება, ან 10-დან ღამის 2 საათამდე, თუ შეხვედრა სტარტს 21:45 საათზე აიღებს.
აკრედიტაციების გაცემის პირველ დღეს სააკრედიტაციო ცენტრში ძირითადად გერმანელი, ჰოლანდიელი, იტალიელი და უკრაინელი ჟურნალისტები ჭარბობდნენ. მედია-ცენტრის გვერდით სხვადასხვა ტელეკომპანიებს უკვე ჩამოტანილი აქვთ ძალიან მაღალი დონის აპარატურა და ტელერეპორტაჟებისთვის ამზადებიან. მათი შემხედვარე კიდევ ერთხელ რწმუნდები, თუ რაოდენ დაფასებულია ეს ხალხი უეფაში და საკუთარ ქვეყანაში. მთელი სამუშაო ბრიგადებია შექმნილი და არის ერთი ფუსფუსი ატეხილი. სხვათა შორის, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში არცერთი ჟურნალისტი ადგილზე შექმნილი სამუშაო პირობებით უკმაყოფილო არ დარჩენილა.
აქვე უნდა ვთქვათ ვოლონტიორებზე და სტიუარდებზე, რომლებიც ინფორმაციია მისაღებად სწორედ სააკრედიტაციო ცენტრში მიდიოდნენ. ვოლონტიორებისთვის ცალკე შენობაა გამოყოფილი სტადიონის ტერიტორიაზე, სადაც მას დასვენების საშუალება ეძლევათ. ინსტრუქტორები ვოლონტიორებაც და სტიურდებსაც დარიგეგებს აძლევენ თუ რა უნდა გააკეთონ, ხარკოვში ჩასატარებელ პირველ მატჩამდე ხომ დიდი დრო ნამდვილად არ დარჩენილა.
ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი ხარკოვიდან
ავტორის ფოტოები







