ძიუდო

20:54 | 7.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

წიკლაურმა ვერცხლი ირგუნა, ცირეკიძემ - ბრინჯაო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის დიდი სლემი სამივე სინჯის თითო მედლით დაასრულა. დავით ასუმბანის (60 კგ) მოგებულ ოქროს მედალს დღეს ვერცხლი ლევან წიკლაურმა (81 კგ) მიამატა, ხოლო ბრინჯაო - ირაკლი ცირეკიძემ (100 კგ).
წიკლაურმა გადამწყვეტ ბრძოლაში ბრაზილიელ ლეანდრო გილეიროსთან დამატებით დროში, გაფრთხილებით წააგო. ფინალის გზაზე, ქართველმა ძიუდოისტმა რუსი არსენ პშმახოვი ვაზარითა და იუკოთი ჩამოიცილა, ბრაზილიელ ნაციფ ელიასსა და სამხრეთ კორეელ დაე-ნამ სონგს იპონებით მოუმთავრა საქმე, ნახევარფინალში კი, ტურნირის ერთ-ერთ აღმოჩენას, ამერიკელ ტრავის სტევენსს იუკოთი სძლია.
ცირეკიძემ დიდი სლემი ფრანგი ფრედერიკ შტიგელმანის გაფრთხილებებით ძლევით დაიწყო, მერე პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ძლეულ რუსს, ივან პერშინს რევანშის შანსი არ დაუტოვა და ორ წუთში მორიგი იპონი აწვნია, მეოთხედფინალში კი, კიდევ ერთი მასპინძელი კირილ მარე გაამწარა და ისიც გაფრთხილებით. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ბელგიის სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელ ელკო ფან დერ ხესტთან იპონზე წამოეგო და მე-3 ადგილს დასჯერდა.
დღეს კიმონო კიდევ ხუთმა ქართველი მოირგო. იოსებ წელაურმა (81 კგ), საბა გავაშელიშვილმა (90 კგ), ნოდარ მეტრეველმა (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) საწყის ეტაპზევე დაკარგეს მედლის მოპოვების შანსი, ხოლო ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) მეოთხედფინალამდე მივიდა და ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა.
ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.080675