ჭადრაკი

0:25 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებელი ტური ტრომსოში

ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-8 ტური წარუმატებელი გამოდგა ქართული დელეგაციისთვის. ქალთა ნაკრებმა უკრაინასთან 1.5:2.5 წააგო, ხოლო ვაჟები სუსტ ყაზახეთს დაუზავდნენ – 2:2.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელებთან პაექრობისას საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2550) პირველ დაფაზე ანა მუზიჩუკს (2555) შავი ფიგურებით სძლია, თუმცა, ეს, წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბელა ხოტენაშვილმა (2494) ყაიმი მარია მუზიჩუკთან (2530) გააფორმა, დანარჩენ ორ პარტიაში კი მარცხი განვიცადეთ. ლელა ჯავახიშვილმა (2478) ანა უშენინასთან (2487) წააგო, სალომე მელიამ (2475) კი – ნატალია ჟუკოვასთან (2468).

მორიგი წარუმატებლობის შედეგად, საქართველოს ქალთა ნაკრები 11 ქულით მე-14 ადგილამდე დაქვეითდა, ჩემპიონობისკენ კი დამაჯერებლად მიიწევს რუსეთის გუნდი, რომელსაც რვავე ტურში მოგება აქვს და 16 ქულა გააჩნია.

10 ქულით 37-ე პოზიციაზე გადაინაცვლა საქართველოს ვაჟთა გუნდმა. ყაზახებთან პაექრობაში გამარჯვება ლევან ფანცულაიამ (2581) იზეიმა, კონსტანტინე შანავამ (2563) წააგო, ხოლო ბაადურ ჯობავამ (2713) და მიხეილ მჭედლიშვილმა (2618) ფრედ ითამაშეს.

ვაჟთა ტურნირს 14 ქულით ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც ქულით საფრანგეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ჩეხეთი და რუმინეთი ჩამორჩებიან.

მე-9 ტურში ქართველი ვაჟები ყირგიზეთს დაუპირისპირდებიან, ქალთა მეტოქე კი ინდონეზია იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062357